კახა კალაძე - აქციის მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, თავდასხმებს პოლიციელებზე, დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც
მინდა, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოვეხმაურო. იცით, რომ ამ ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე და ნებისმიერ ადამიანს, რაც არ უნდა განსხვავებული მოსაზრება ჰქონდეს, აქვს შესაძლებლობა, რომ გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველანაირი ფორმით, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, გუშინდელი აქცია გასცდა კანონით დადგენილ პროტესტის ფორმას.
„გუშინ ვნახეთ საპროტესტო აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები, მშვიდობიანი პროტესტის ნაცვლად, ახდენდნენ ადმინისტრაციული შენობის ბლოკირებას, მოწოდებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. აგრესიულ თავდასხმებს ახორციელებდნენ პოლიციელებზე, ხდებოდა სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფები. დაზიანებულია მუნიციპალური ქონებაც. მას შემდეგ, რაც აქცია მშვიდობიან პროტესტის გამოხატვის ფარგლებს გასცდა და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, სამართალდამცველებმა კანონით დადგენილი ღონისძიებები გაატარეს. თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინდა, გადავუხადო მადლობა წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის. გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში დაცულია“, – განაცხადა კალაძემ.