კახა კალაძე - აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დარიალის კარს დარაჯობენ და საქართველოს საზღვრებს იცავენ, ამაყი მოხევეები მაღალი მორალური ღირსების მატარებელი ხალხი ხართ
„აქ ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც დარაჯობენ დარიალის კარს და საქართველოს საზღვრებს იცავენ. თქვენ, ამაყი მოხევეები მაღალი მორალური ღირსების მატარებელი ხალხი ხართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ყაზბეგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მოსახლეობას დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ადგილობრივი ბიუჯეტი გაიზარდა.
„აქ ცხოვრობენ განსაკუთრებული ადამიანები, ადამიანები, რომლებიც დარაჯობენ დარიალის კარს და საქართველოს საზღვრებს იცავენ. სამშობლოს სიყვარულთან ერთად, აქ, ამ ხეობაში გაზრდილი ადამიანი სიყრმიდანვე ეზიარება თავისუფლებასა და ქრისტიანობას. სხვაგვარად ხომ შეუძლებელიცაა, მით უმეტეს, როცა ღრუბლების სიმაღლეზე, გერგეტის სამებიდან, საკუთარი თვალით ხედავ ამ ხეობის სილამაზეს და დიდებულებას, რითაც ვამაყობთ ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქ. თქვენ, ამაყი მოხევეები მაღალი მორალური ღირსების მატარებელი ხალხი ხართ, ადამიანები, რომელთა დასახასიათებლად მხოლოდ ის ფაქტიც კმარა, რომ სწორედ ამ კუთხის შვილია ყველასათვის საყვარელი დიდი ქართველი მწერალი ალექსანდრე ყაზბეგი. ყველაფერთან ერთად, კარგად ვიცი, რომ ჩემს წინაშე დიდად გამრჯე ადამიანები დგანან, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ საკუთარი ოჯახებისა და ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ბუნებრივია, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა თითოეულმა თქვენგანმა, ისევე, როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ, მუდმივად იგრძნოთ, რომ მარტო არ ხართ და თქვენ გვერდით თქვენი მთავრობა დგას.
დარწმუნებული ვარ დამეთანხმებით, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ვითარება მკვეთრად უკეთესობისკენ შეიცვალა და დღეს რეგიონს ისეთი ყურადღება ექცევა, როგორც არასდროს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა სახელმწიფოს მხარდაჭერითა და თანადგომით. ამასთან, იზრდება თვითმმართველობის ხარისხი და ადგილობრივი ბიუჯეტი, რაც მუნიციპალიტეტის განვითარებას, თქვენს წინაშე არსებული მიზნებისა და ამოცანების ეფექტიან განხორციელებას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, წარმატებებისა და წინსვლის მიუხედავად, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომელსაც მოგვარება სჭირდება.
„დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხებთ. დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს დაიცავს და გაატარებს საკანონმდებლო ორგანოში. რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს გამარჯვებას. ამას სჭირდება თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა და თანადგომა, როგორც ეს ბოლო წლების განმავლობაში ყველა არჩევნებზე ხდებოდა. ჩვენ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, გადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ წარმატებული ისტორიები, უნდა გავაძლიეროთ სოფელი, უნდა გავაძლიეროთ გლეხი, გავაძლიეროთ რაიონები, ქალაქები, იმისთვის, რომ შევქმნათ წარმატებული საქართველო. ერთად წარმატებული საქართველოსთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.