კახა კალაძე - აპლიკაციის საშუალებით მსურველს შეეძლება, თბილისის სხვადასხვა ქუჩაში განთავსებული ელექტრომობილით ისარგებლოს
კახა კალაძე - აპლიკაციის საშუალებით მსურველს შეეძლება, თბილისის სხვადასხვა ქუჩაში განთავსებული ელექტრომობილით ისარგებლოს

დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაში განთავსდება ელექტროძრავზე მომუშავე ელექტრომობილები და ნებისმიერ მსურველს შესაბამისი აპლიკაციის საშუალებით შეეძლება ავტომობილის აყვანა და მგზავრობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისში, აბანოთუბანში ამიერკავკასიაში ეკო მიმართულებით მომუშავე პირველი ინდუსტრიული ბიზნესჯგუფ „აიგრუპის” (aigroup) პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ და თბილისის მერიამ „აიგრუპთან” ერთად დიდი მუშაობა გასწიეს, რათა თბილისში ელექტრომობილების პროექტი განხორციელებულიყო.

„ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ „აიგრუპთან” ერთად, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო ჩვენს ქალაქში. ალბათ, ბევრს გინახავთ სხვადასხვა ევროპულ ქალაქში ასეთი პროექტები. თბილისი არის ევროპული ქალაქი, თბილისი არის ქალაქი, რომელიც ყოველთვის იწვევს ინტერესს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ადამიანებში და შესაბამისად, დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ხორციელდება ეს პროექტი.

ქარშეარუინგი” მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის ავტომობილის გაზიარება; ქალაქის სხვადასხვა უბანში იქნება განთავსებული ელექტრომობილები, ელექტროძრავზე მომუშავე ავტომობილები.  ნებისმიერ ადამიანს სმარტფონში გადმოწერილი შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით გექნებათ შესაძლებლობა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე, სხვადასხვა უბანში აიყვანოთ ავტომობილი, იმგზავროთ და შემდეგ ნებისმიერ ადგილზე გააჩეროთ და ჩააბაროთ”, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით,  მსგავსი პროექტი მსოფლიოს ბევრ ქალაქშია განხორციელებული და თბილისიც, რა თქმა უნდა, არ იქნება გამონაკლისი.

„დედაქალაქში სხვადასხვა ქუჩებზე განთავსდება სპეციალური აპარატები, რომელიც დატენის ამ ავტომობილებს და ელექტროენერგია იქნება მიღებული მზის პანელებისგან. აქ საუბარი არის მწვანე პოლიტიკასა და მწვანე ენერგიაზე. დღეს მთელი მსოფლიო ამ მიმართულებით ვითარდება და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანაც ვერ იქნებოდა გამონაკლისი”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე მომდევნო დღეებში ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, ისარგებლოს ელექტრომობილებით, რომლებიც თბილისის სხვადასხვა ქუჩაში განთავსდება.