კახა კალაძე ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე - მე ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც ნამდვილად აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, ეს დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ, ეს მიდგომები მისაღებია?
ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, ამ დროს გამოდის ვინმე კუბილიუსი, რომ სააკაშვილი თუ არ გათავისუფლდება, ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებს, არცერთი თავმოყვარე ქართველი არ მიიღებს ამ ლექსიკით საუბარს, რასაც ე.წ. მეგობრები აკეთებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა ანდრიუს კუბილიუსის იმ განცხადებაზე, სადაც ევროპარლამენტარი ამბობს: „ჩვენ მკაფიო გზავნილი გვაქვს „ქართული ოცნებისთვის“, ვერ მიიღებთ სტატუსს, თუ არ ითამაშებთ ჩვენი წესებით“.
თბილისის მერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქვეყნისა და მისი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით და მომავალშიც სწორედ ამ პრინციპით იმოქმედებს.
„დაგვითქვეს და მოგვცეს 12-პუნქტიანი გეგმა, პროტოკოლი და ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა შესრულდეს ეს დათქმები და მივიღოთ სტატუსი. ამ დროს რა ხდება? ამ დროს გამოდის ვინმე კუბილიუსი და გვეუბნება, რომ თუ სააკაშვილი, რომელიც კრიმინალია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, სტრასბურგმაც დაადასტურა ეს, გვეუბნება, რომ თუ არ იქნება გათავისუფლებული, რა თქმა უნდა, ქვეყანა მაშინ სტატუსს ვერ მიიღებს. მე ვეკითხები ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ვისაც ნამდვილად აქვს სურვილი ევროინტეგრაციის, ეს დამოკიდებულება, რაც ვიხილეთ, ეს მიდგომები მისაღებია? ჩვენ თავმოყვარეობა ხომ გაგვაჩნია, ხომ გვიყვარს ჩვენი სამშობლო. როდესაც ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას, აშანტაჟებენ, ეს მისაღებია? დარწმუნებული ვარ, არცერთი თავმოყვარე ქართველი არ მიიღებს ამ ლექსიკით საუბარს, რასაც ე.წ. მეგობრები აკეთებენ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ჩვენ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, გვიყვარს ჩვენი ხალხი, ვიცავდით, ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს და ყოველთვის გავაკეთებთ ამას.
ჩვენ საინტერესო ქვეყანა ვართ ევროპისთვის და თავს ვთვლით ევროპელებად. ჩემთვის მნიშვნელოვანია ასევე ჩემი ქვეყნის ტრადიციები, ის ღირებულებები, რაზეც საუკუნეებია, დგას ჩემი ქვეყანა. ეს გადაწყვეტილებები, ეს აბსურდული, შეურაცხმყოფელი განცხადებები, რა თქმა უნდა, აზიანებს ყველაფერს.
ამასთან, ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთაც უყვართ სამშობლო, პატივს ვცემთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონებს. ადამიანებს, ვისაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, როდესაც პოლიტიკოსი ხარ, იყავი პრეზიდენტი, უფრო მეტი მოგეთხოვება, მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გაქვს ხალხისა და ქვეყნის წინაშე. როდესაც ჩადიხარ დანაშაულს, რა თქმა უნდა, პასუხისგება მოგიწევს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, – „რას აპირებს „ქართული ოცნება“ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების შემდეგ, მიჰყვება თუ არა მის მითითებებს?“ – რაზეც კახა კალაძემ განაცხადა, რომ „წინასწარ ამაზე საუბარი რთულია, ეს კუბილიუსის გადასაწყვეტი არ არის“.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ მომავალშიც. რა თქმა უნდა, ამ 12-პუნქტიანი გეგმის ძირითადი ნაწილი შესრულებულია. იცით, ამასთან დაკავშირებით შეფასებაც გაკეთდა და მოწონებული იყო ყველაფერი. დანარჩენი ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.