კახა კალაძე - ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, გავაგრძელოთ მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ეკონომიკის განსავითარებლად
კახა კალაძე - ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, გავაგრძელოთ მუშაობა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ეკონომიკის განსავითარებლად

მინდა, გამოვხატო პატივისცემა თითოეული ჩვენი თანამოქალაქის მიმართ, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა მან დღეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, არამედ ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი – უმთავრესი პრიორიტეტია.

„ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად.

მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები არის საკუთარი საქმიანობის ხელახალი შეფასების საუკეთესო საფუძველი. ჩვენთვის საგულისხმოა საზოგადოების გზავნილები, რომლებიც ჩვენ ამ არჩევნებში მივიღეთ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ჩვენ ამ გზავნილების ნაწილზე რეაგირება უკვე პირველი ტურის შემდეგ, გასული ერთი თვის განმავლობაშიც კი დავიწყეთ. მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, თითოეული დღე დაეთმობა ჩვენი საქმიანობის, მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.ამ პასუხისმგებლობას გვაკისრებს ჩვენ ხალხის მიერ დღეს გამოცხადებული ნდობა. თავს უფლებას მივცემ, წინასწარ, არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებამდე, მივულოცო ჩვენს მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება.

დარწმუნებული ვართ, რომ სალომე ზურაბიშვილი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული პრეზიდენტი. ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა საფუძველი უნდა ჩაუყაროს ახალ კონსტიტუციურ ტრადიციას. ის უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის პირველი ზეპარტიული პრეზიდენტი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მისიას ქალბატონი სალომე საუკეთესოდ შეასრულებს. კიდევ ერთხელ მინდა გადავუხადო მადლობა თითოეულ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის. მადლობას ვუხდი „ქართული ოცნების“ წევრებსა და მხარდამჭერებს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც შეიტანეს უმნიშვნელოვანესი წვლილი დღევანდელ გამარჯვებაში.

ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, სამართალდამცავ ორგანოებს,დამკვირვებლებს, რომელთა ძალისხმევის გარეშე თავისუფალი, სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება შეუძლებელი იქნებოდა. დღევანდელი დღე იყო ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი გამარჯვება“, – განაცხადა კახა კალაძემ.