კახა კალაძე - ამაზრზენია კონკრეტული მედიასაშუალებების ინტერპრეტაცია, თითქოს მერია ზაზა სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ არასწორ ინტერპრეტაციად და მიზანმიმართულ დეზინფორმაციად შეაფასა კონკრეტული მედისაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს „კახა კალაძემ ზაზა სარალიძე ნაძვის ხით ჩაანაცვლა“.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს, რადგან კარვის განთავსებაზე ნებართვის გაცემა მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას სცილდება.
მისი თქმით, ზაზა სარალიძის მიერ მერიაში შეტანილ განცხადებაზე წერილობითი პასუხი კანონის ფარგლებში გაიცა.
„კარვის დადგმა მერიას არ აუკრძალავს. ეს ჩვენს კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ ამის არანაირი უფლებამოსილება არ გვაქვს. უბრალოდ, სამწუხაროა და ამაზრზენი ის უტიფარი ინტერპრეტაცია, რომელიც კონკრეტულმა სააგენტოებმა და ჟურნალისტებმა ჩემს მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გაავრცელეს. მათ დაწერეს, რომ დედაქალაქის მერია სარალიძეს ნაძვის ხით ანაცვლებს. ასე როგორ შეიძლება? სად იზრდებიან ეს ადამიანები? ან ოჯახში არ გაზრდილან, ან დედა არ ჰყავთ, ან მამა? შვილმოკლული მამის ასეთი ფორმით გამოყენება და ასეთი შეურაცხყოფის მიყენება დაუშვებელია.
ჟურნალისტიკა ეს არის თავისუფლების რუპორი და არა რაღაც პარტაგიტატორების. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მერიას არანაირი უფლებამოსილება არ აქვს, კარვის დადგმაზე ან ნებართვა მისცეს ან უარი უთხრას. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ზაზა სარალიძის მიერ შემოტანილი განცხადებას დედაქალაქის მერიამ კანონის შესაბამისად უპასუხა. კერძოდ, მან შემოიტანა წერილი რუსთაველის გამზირზე აქციის დეკემბრის ბოლომდე გაგრძელებასთან დაკავშირებით.
დედაქალაქის მერიის მხრიდან იყო საპასუხო განცხადება, რომ პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი ნაძვის ხის ანთების ცერემონიისა და საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელ პერიოდთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 7 დეკემბრიდან დაგეგმილი აქციის ჩატარების დრო და ადგილი შეეცვალა, რაც კონკრეტული მედიასაშუალებების მეშვეობით საზოგადოებაში ასეთი უტიფარი ინტერპრეტაციებით გავრცელდა.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დაპირისპირება და რაიმე სახის პროვოკაცია თავიდან ავიცილოთ. ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.