კახა კალაძე - ამაყი ვარ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა თბილისს დაეტყო
კახა კალაძე - ამაყი ვარ, რომ გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა თბილისს დაეტყო

არ დავმალავ, ამაყი ვარ, რომ თბილისს გასული ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ყოველდღიური მუშაობა დაეტყო, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მან ისაუბრა იმ პროექტებსა და მიღწევებზე, რაც თბილისის მერიის მიერ ბოლო წლებში განხორციელდა.

„მინდა, გამოვყო განახლებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აღდგენილი თუ რეაბილიტირებული პარკები და სკვერები, გამწვანებული ქუჩები და გზაგამყოფები, ახალი საბავშვო ბაღები, რეაბილიტირებული ხიდები და გვირაბები, რესტავრირებული ისტორიული შენობები, გაცოცხლებული ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნები, განახლებული, სრულიად რეაბილიტირებული გამზირები და ქუჩები, მოწესრიგებული კომუნიკაციები და ასფალტის საფარი 1 000-მდე ქუჩაზე, მულტიფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობები; სპორტული მოედნები, მუზეუმების, სახელოვნებო სკოლების, ბიბლიოთეკების რეაბილიტაცია, სოციალური და ჯანდაცვის ახალი პროგრამები. ასევე, სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობა, დაახლოებით, 7 000-მდე სოციალურად დაუცველ ახალგაზრდას ვეხმარებით განათლების მიღებაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია წლობით დაუკანონებელი ქონების რეგისტრაციის საკითხი, გაჩერებული, უიმედო მშენებლობებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება. ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებმაც 10 000-მდე ოჯახს ეს ბედნიერება და სიხარული მივანიჭეთ. მაგალითად, „ცენტრ პოინტის“, „სვეტის“, „ოლიმპიური ვარსკვლავის“, „აქსისის“ და ა.შ. მიერ დაზარალებულებს. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გაკეთდა. ეს თბილისის მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომის და ძალისხმევის დამსახურებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პანდემია ბევრი დაგეგმილი პროექტის შემაფერხებელი ფაქტორი აღმოჩნდა.

„ბოლო ოთხი წელი იყო არა მხოლოდ განვითარებისა და მშენებლობის, არამედ დიდი გამოწვევების პერიოდი. კორონავირუსმა მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება. მან მძიმე დარტყმა მოგვაყენა – ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ასევე, დაზარალდა ყველა სექტორი. რასაკვირველია, ასეთ დროს მთავარი პრიორიტეტი უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ყველაზე დაუცველი ოჯახების დახმარება იყო და არის. ჩვენ ვნახეთ, როგორ გაერთიანდა კიდევ ერთხელ თბილისი ამ გამოწვევის დროს, როგორი სოლიდარულები ვიყავით ერთმანეთის მიმართ. პანდემიის ორი წელი გახდა შემაფერხებელი ბევრი პროექტის, რაც ასე სჭირდება თბილისს. თუმცა, გაძლევთ პირობას, რომ აუცილებლად შევასრულებთ ყველა დაპირებას და გამოვნახავთ ყველა რესურსს, რათა დაწყებული თუ ჩაფიქრებული პროექტები ბოლომდე მივიყვანოთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მოსახლეობას მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„იცოდეთ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება თქვენზეც არის დამოკიდებული. ამ პროცესში, როგორც ყოველთვის, მთავარი ხართ თქვენ, თბილისელები. თქვენს აზრს, აქტიურობას, ჩართულობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მინდა, ვისურვო რომ ამ პროცესში არ ვიქნებით დაპირისპირებულები, არამედ ვიქნებით ერთიანები ჩვენი თბილისისთვის, ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის“, – განაცხადა თბილისის მერმა.