კახა კალაძე - ამაოდ ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ იარლიყი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნიშანია 
კახა კალაძე - ამაოდ ცდილობენ, „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ იარლიყი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნიშანია 

„ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე, რათა ტოტალური უიმედობა დანერგოს ხალხში და რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი პოლიტიკური რევანშისთვის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განაცხადა, დემოკრატიული გარდატეხიდან ექვსი წლის თავზე, „ვხედავთ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი მედიასაშუალებების უსუსურ მცდელობას, „ქართულ ოცნებას“ დააბრალონ იმგვარი დანაშაულები, რომლებიც მათივე კრიმინალური პოლიტიკური ძალის ხელწერას განეკუთვნება“.

„როგორც აღმოჩნდა, ტოტალიტარული აზროვნების და მართვის ორი ძირითადი პრინციპი – სიცრუე და ძალადობა – როგორც ადრე იყო, დღესაც რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად.

სწორედ ამიტომ, არ იცვლის ხელწერას ერთ დროს ერთიანი და ახლა რეალურ თუ ყალბ მამრავლებად დაშლილი ეს პოლიტიკური ძალა. „ნაციონალური მოძრაობა“ ფაქტების უხეში ფალსიფიკაციისა და ცილისწამების გზით ძალადობს ადამიანების ცნობიერებაზე, რათა ტოტალური უიმედობა დანერგოს ხალხში და რევოლუციური განწყობის იმიტირებით მოამზადოს ფონი პოლიტიკური რევანშისთვის.

ტოტალური, ურცხვი პროპაგანდის მანქანიდან მომდინარე ე.წ. ახალი ამბები და ე.წ. პოლიტიკური ანალიზი, რომლითაც იბომბება ჩვენი თანამოქალაქეების ცნობიერება, უწყვეტ რეჟიმში ტრანსლირებულ, ერთ დიდ და დაუსრულებელ „მოდელირებულ ქრონიკად“ გადაიქცა“,- განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებების შესახებ, რათა საზოგადოებამ თავად განსაჯოს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის ღალატის დაბრალებით, გაუგებარი აუდიოჩანაწერების გავრცელებით, არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობაზე სპეკულირებით (რაც განსაკუთრებულად უღირსი საქმეა), ისინი ამაოდ ცდილობენ „ქართულ ოცნებას“ მიაწებონ ის იარლიყი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განუყოფელი ნიშანია. ამ პირობებში, „ქართული ოცნება“ გრძნობს ვალდებულებას, საზოგადოებას მიაწოდოს სრული ინფორმაცია ამ უსუსური ბრალდებების შესახებ, რათა საზოგადოებამ თავად განსაჯოს, სად არის სიმართლე და სად არის ტყუილი:

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ესენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს (რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით); მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მიცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული. ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს – მოღალატეობა დასწამა“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტებმა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკური სპექტაკლი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გაათამაშეს.

„ხორავას ქუჩის ტრაგედია მათ მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა, რომელმაც მაშინვე დაკარგა გულწრფელი მხარდამჭერები, როგორც კი საზოგადოებამ დაინახა “ნაცმოძრაობის” კარგად ნაცნობი ხელწერა. მოზარდებს შორის მომხდარ დანაშაულზე სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა, მაგრამ როდესაც რიგი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ბრალდების ყველა პუნქტში პირველი ინსტანციის მოსამართლის დარწმუნება ვერ მოხერხდა, მთავარი პროკურორი გადადგა თანამდებობიდან, რითაც საზოგადოების წინაშე ხელისუფლების ანგარიშვალდებულების სრულიად ახალი სტანდარტი დამკვიდრდა. ხელისუფლებამ გადადგა კიდევ ერთი უპრეცედენტო ნაბიჯი და პარლამენტში შეიქმნა საგამოძიებო კომისია, რომელსაც ოპოზიცია ჩაუდგა სათავეში. “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უსუსური მცდელობა, ბავშვის მკვლელობის საქმე შეადაროს გირგვლიანის საქმეს, სადაც ადგილი ჰქონდა ხელისუფლების უმძიმეს შეთქმულებას ერთი ადამიანის წინააღმდეგ. სანდრო გირგვლიანის და ირინა ენუქიძის მკვლელები „ქართულ ოცნებას“ უმწეოდ აბრალებენ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას იმ საქმეში, სადაც პოლიტიკურ ჩარევაზე საუბარი ოპოზიციის ხელმძღვანელობით მომუშავე საგამოძიებო კომისიამაც კი ვერ გაბედა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში დღეს მმართველი გუნდის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.