კახა კალაძე - ამ რთულ ვითარებაში არ უნდა დაგვავიწყდეს პროექტები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის
ამ რთულ ვითარებაში არ უნდა დაგვავიწყდეს ის პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ დედაქალაქის მასშტაბით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთაწმინდის ფერდის ტყის ლანდშაფტის აღდგენის პროექტის პრეზენტაციისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლა დედაქალაქის მერმა შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის საკითხით დაიწყო და აღნიშნა, რომ ზომების შემსუბუქების ფონზე მნიშვნელოვანია მოქალაქეთა მხრიდან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა და მოთხოვნების დაცვა.
„ვიდრე დღევანდელი შეკრების მიზეზებზე ვისაუბრებდეთ, შეუძლებელია, არ ვახსენოთ ახალი კორონავირუსი და პანდემია, რომელსაც ერთიანი ძალისხმევით უკვე რამდენიმე თვეა, ვებრძვით.
მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ სახელისუფლო გუნდის მიერ გადადგმული, დროული და ეფექტური ნაბიჯების შედეგად, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით. გუშინ პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული იქნა მთელი რიგი ნაბიჯები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ამ გეგმით, როდესაც იხსნება მთელი რიგი ეტაპები, მნიშვნელოვანია ვიყოთ ფრთხილად, გამოვიჩინოთ სოლიდარობა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ამასთან ერთად, აუცილებელია, დავიცვათ ყველა ის მოთხოვნები, რომელზეც საუბრობენ დარგის პროფესიონალები, სპეციალისტები, რათა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ერთმანეთის ჯანმრთელობას და სიცოცხლის უსაფრთხოებას.
რა თქმა უნდა, ამ რთულ ვითარებაში არ უნდა დაგვავიწყდეს ის პროექტები, რომელსაც ვახორციელებთ დედაქალაქის მასშტაბით, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.