კახა კალაძე - ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა
კახა კალაძე - ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა

ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მერი, – ამის შესახებ ცესკო-ს მონაცემებით თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.

„დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოცხადებული მხარდაჭერისთვის და მოგილოცოთ ეს დამაჯერებელი გამარჯვება. ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა და ამავდროულად, დიდი პატივია, ვიყო ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის მერი. თქვენი მხრიდან გამოცხადებული მაღალი მხარდაჭერა კი მიორმაგებს პასუხისმგებლობას და მაძლევს სტიმულს, თავდაუზოგავად ვიმუშაო ჩვენი ქალაქის თითოეული თბილისელის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევისთვის.

ჩატარებული სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით, საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის დემოკრატიული სამყაროს, ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი. მინდა ყველამ იცოდეს, რომ არჩევნებში არავინ დამარცხებულა. ამ არჩევნებში გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვა თბილისმა და თითოეულმა თბილისელმა. მერიის კარი ღია იქნება თბილისის თითოეული გულშემატკივრისთვის, ნებისმიერი კონსტრუქციული ძალისთვის და თუნდაც ჩემი ყოფილი კონკურენტებისთვისაც, რომელთაც კონკრეტული რეალისტური იდეები აქვთ და სურთ, საკუთარი წვლილი შეიტანონ ჩვენი დედაქალაქის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. ამაზე უკვე ვისაუბრე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მართლაც, თუ მათ გააჩნიათ კონკრეტული ხედვები, იდეები, კონკრეტული პროექტები თბილისთან დაკავშირებით, მზად ვარ თანამშრომლობისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, ძალიან დიდი მადლობა გითხრათ ჟურნალისტებს, რადგან თქვენი მეშვეობით ხდებოდა იმ ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის, თუ რა კონკრეტული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისი მალე განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავა. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სოლიდარული, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე ქალაქი.

„პირველივე დღიდან აქტიურად შევუდგებით თბილისში არსებული პრობლემების მოგვარებას და ჩვენ მიერ დეკლარირებული პროგრამის განხორციელებას. ჩვენი მუშაობის პოზიტიურ შედეგს ძალიან მალე შეიგრძნობს თითოეული თბილისელი და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საყვარელი ქალაქი მალე გადავა განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე. ერთმანეთში გვერდში დგომით, ერთმანეთის მხარდაჭერით და ჩვენი ქალაქის სიყვარულით, წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველის. ჩვენ ყოველდღიურად უნდა გავიმარჯვოთ თბილისის და თბილისელების პრობლემებზე. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება და თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო სოლიდარული, ჯანსაღი და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.