კახა კალაძე - ალექსანდრე ელისაშვილი ჩვეულებრივი უქნარა და ნაცარქექიაა
თბილისის მერი, კახა კალაძე მერობის ყოფილ კანდიდატს, ალექსანდრე ელისაშვილს უქნარასა და ნაცარქექიას უწოდებს. ამის შესახებ კალაძემ, ელისაშვილის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომელმაც „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტი გააკრიტიკა.
„გაუგებარია რამდენად უნდა გავაკეთო კომენტარი იმ ადამიანის კომენტარზე, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და არაფერი შეუქმნია, ადამიანი, რომელიც არის ჩვეულებრივი უქნარა, ნაცარქექია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება თბილისში მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომელსაც შეასრულებს და თბილისი გახდება სიცოცხლით სავსე ქალაქი.
„მე მაქვს ჩემი ხედვა, რომელსაც დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, ჩემი დაპირება რაც იყო წინასაარჩევნოდ, ვალდებული ვარ, შევასრულო და ამას აუცილებლად გავაკეთებ, აუცილებლად გავაკეთებ იმას, რომ თბილისი იქნება სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისში „ღამის ეკონომიკის განვითარების“ პროექტის ხელმძღვანელად დედაქალაქის მერმა გუშინ სერგი გვარჯალაძე დანიშნა.