კახა კალაძე - ახლა იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან კიდევ არის თანხები დახარჯული, რითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს
ვიცოდით, რომ, წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები, პირადად სააკაშვილი ხარჯავდა. ახლა იკვეთება, რომ სააკაშვილის მიერ ბიუჯეტიდან კიდევ არის დახარჯული თანხები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძეს კითხვა დაუსვეს ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, ყოფილი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სამინისტროსა და „ჯორჯიან ეარვეისს“ შორის გაფორმდა 24-მილიონიანი ხელშეკრულება, საიდანაც 14 მილიონი ლარი დაიხარჯა სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის, პირადი ვიზიტებისა და ფრენებისთვის.
მისივე თქმით, საკითხით გამოძიება უნდა დაინტერესდეს.
„არაერთხელ გვსმენია და ვიცოდით, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტის თანხებს საყვარლებისთვის, ახლა იკვეთება, რომ ფრენებზე კიდევ არის დახარჯული. არ ვიცი კონკრეტიკა, ახლა ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა, ვფიქრობ, აუცილებლად უნდა დაინტერესდეს გამოძიება. არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, თუნდაც შვილების სწავლის დაფინანსებაზე, რომელიც ბიუჯეტიდან ხდებოდა. ეს ძალიან მძიმე და ცუდი იყო. რა თქმა უნდა, ეს არის საკითხები, რომლებზეც ალბათ გამოძიება უნდა დაიწყოს და ყველაფერს შესაბამისი პასუხი გაეცეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.