კახა კალაძე - ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოება
ახალი სამშენებლო ნებართვების გაცემისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოება – ამის შესახებ დედაქალქის მერმა კახა კალაძემ სახანძრო უსაფრთხოების კუთხით ვითარების შესწავლასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
კალაძის თქმით, უკვე გაცემული ნებართვების შემთხვევაში, პრობლემები არსებობს.
„ჩვენ დაწყებული გვაქვს უსაფრთხოების მიმართულებით მუშაობა. 41-ე დადგენილება, რომელშიც ცვლილებები ჩვენ შევიტანეთ, ზუსტად იმისკენ იყო მიმართული, რომ ახალი სამშენებლო ნებართვებისას, რომლებიც გაიცემა ჩვენი მხრიდან, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული სახანძრო უსაფრთხოება, ისე არცერთი ნებართვა არ გაიცემა.
რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით პრობლემები არსებობს, უკვე გაცემული ნებართვები მაქვს მხედველობაში.
თუმცა, ჩვენ როდესაც მოვედით, მე, პირადად, მომეცა უფლებამოსილება ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, 41-ე დადგენილებაში განვახორციელეთ ეს მნიშვნელივანი ცვლილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაასაჯაროებს ობიექტებს, სადაც სახანძრო უსაფრთხოების წესები არ არის დაცული.