კახა კალაძე - ახალი იმედებით, ახალი ენერგიით უნდა შევხვდეთ 2022 წელს, გამარჯვებები, ბედნიერება, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რესპუბლიკის მოედანზე, სადაც საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს, მოქალაქეებს სცენიდან მიმართა და ახალი წელი მიულოცა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ყველაფერი რთული, ცუდი წარსულში უნდა დარჩეს და ადამიანები 2022 წელს ახალი ენერგიით, ახალი ენთუზიაზმით უნდა შეხვდნენ.
„მივესალმები სრულიად საქართველოს. მივესალმები ჩემს თბილისელებს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. ძალიან მიხარია, ძალიან სასიამოვნოა, რომ ამდენი ადამიანი შეიკრიბა დღეს რესპუბლიკის მოედანზე. მინდა, განსაკუთრებით მივულოცო და მივესალმო ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს თავის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებს და ემსახურება ჩვენს ქვეყანას. გილოცავთ, მეგობრებო, ახალ 2022 წელს.
ვიცი, რომ 2021 წელი იყო რთული წელი. რა თქმა უნდა, ყველაფერი რთული, ყველაფერი ცუდი, რაც იყო, უნდა ჩავაბაროთ წარსულს, გავატანოთ 2021 წელს და ახალი იმედებით, ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. მინდა, წარმატებები გისურვოთ, გამარჯვებები, სიხარული, წინსვლა, ბედნიერება და რაც მთავარია, მშვიდობა ჩვენს სამშობლოს. სულიერი სიმშვიდე თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს. წარმატებებს და გამარჯვებებს გისურვებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.