კახა კალაძე - ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს
კახა კალაძე - ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს

ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ტყუის, როდესაც კონკრეტულ უბნებზე ხმების გაყალბებაზე საუბრობს.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ამის დასტურია ოპოზიციის უარი ხელისუფლების შეთავაზებაზე, რაც 1 500-მდე უბნის გადათვლას გულისხმობდა.

„მოლაპარაკებები გრძელდება. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მორიგი შეხვედრა უნდა დაიგეგმოს. კონკრეტული თარიღის თქვენთვის თქმა გამიჭირდება. რაც შეეხება არჩევნებს, ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვისმენდით, რომ იყო გარკვეული ხარვეზები კონკრეტულ უბნებზე. ოპოზიციური პარტიების მხრიდან ვისმენდით მანიპულაციებს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულ უბნებზე გაყალბებები მოხდა. ეს ძალიან დიდი ტყუილია, რისი დასტურიც არის ის, რომ ჩვენ მათ შევთავაზეთ 1 500-მდე უბნის გახსნა და გადათვლა, რის შემდეგაც ისინიც და ყველა, ვისაც კითხვის ნიშანი ჰქონდა, დარწმუნდებოდნენ, რომ არანაირი გაყალბება არ მომხდარა. მათ ეს არ ისურვეს, რაც ძალიან ცუდია“, – განაცხადა კახა კალაძემ.