კახა კალაძე - ახალგაზრდები ხართ ქვეყნის მომავალი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა, რათა თქვენი ნიჭი მოახმაროთ ჩვენი ქვეყანის განვითარებას
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მუნიციპალური პროგრამის, „ისწავლე და დასაქმდი“ ფარგლებში თბილისის მერიისა და „სქილვილის“ შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიება „სქილვილის“ დამფუძნებელმა, გიორგი მარიამიძემ გახსნა.
დედაქალაქის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროგრამის მიზნებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„ქვეყანაში ბევრია ადამიანი, ვისაც სურვილი აქვს დასაქმდეს. პარალელურად, გვყავს ბიზნესსექტორი, რომელიც ითხოვს კვალიფიციურ, პროფესიონალ კადრებს. შესაბამისად, დაახლოებით ხუთი წლის წინ, დავიწყეთ აღნიშნული პროგრამის განხორციელება, რითიც ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას, კვალიფიკაცია აიმაღლონ, კიდევ უფრო მაგარი პროფესიონალები გახდნენ და შემდეგ უკვე დავეხმაროთ სამუშაოს მოძიებაში და დასაქმებაში.
ამ პროგრამაში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა და მათი 70 პროცენტი დასაქმდა. ორი წლის წინ „სქილვილთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადავუხადო ამ ორგანიზაციას. ციფრული ტექნოლოგიები დღეს ძალიან მოთხოვნადი და განვითარებადია, მომავალი ზუსტად ამისკენ მიდის. შესაბამისად, აქაც გვინდა, ხელი შევუწყოთ ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს, განვითარდეს, კიდევ უფრო გაძლიერდეს, აიმაღლოს კვალიფიკაცია და შემდეგ, როგორც საუბრის დასაწყისში ვთქვი, მხარი დავუჭიროთ მათ დასაქმებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული პროგრამა გაგრძელდება და მეტ ადამიანს მიეცემა გადამზადების შესაძლებლობა.
კახა კალაძემ ასევე მიმართა პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს.
„მინდა, წარმატება გისურვოთ. კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა. თქვენ, ახალგაზრდები ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენი მხრიდან ყოველთვის გექნებათ მხარდაჭერა და თანადგომა იმისთვის, რომ თქვენი ნიჭი მოახმაროთ ჩვენს ქვეყანას და მის განვითარებას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.
თბილისის მერიისა და „სქილვილის“ სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე მეორე წელია, ხორციელდება პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“. პროექტის მონაწილე სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, სრული დაფინანსებით შეისწავლონ ციფრული პროფესიები და დასაქმდნენ მაღალანაზღაურებად პოზიციებზე. „სქილვილთან“ თანამშრომლობის ფარგლებში დღეისათვის 700-ზე მეტი ახალგაზრდა დაეუფლა ციფრულ პროფესიას.