კახა კალაძე აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. სარეაბილიტაციო სამუშაოების გასაცნობად კალაძე მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.

კახა კალაძის თქმით, „მაკდონალდსიდან“  ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონამდე პირველი ივლისის შემდეგ  შესაძლებელი იქნება ავტომანქანების გადაადგილება.

„წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ქუჩის ერთი მხარე, რომელიც დაკეტილი იყო და მიმდინარეობდა კომუნიკაციების შეცვლის სამუშაოები, აგვისტოს ბოლოს მთლიანად დასრულებული იქნება. სამუშაოების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს კორპუსების დაერთებები ახალ ქსელზე. „მაკდონალდსიდან” სტადიონამდე ქვედა ფენებში დაგებულია ასფალტი. დიდუბის  ხიდამდე აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს და აგვისტოში ესეც დასრულებული იქნება. რაც შეეხება „მაკდონალდსიდან“ სტადიონამდე მონაკვეთს, პირველი ივლისის შემდეგ გაიხსნება და შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება. თამაშამდე არ გვინდა მოძრაობის გადალაგება, რადგან ამან  შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს მძღოლებში. საფეხბურთო მატჩის შემდეგ შესაძლებელი იქნება ამ მონაკვეთის გამოყენება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის პირველ ეტაპზე,  სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს სტადიონიდან შალიკაშვილის სახელობის ხიდის მიმართულებით გზის მარცხენა მხარეს.

ამ დროისთვის, ჩაკეტილ მონაკვეთში თითქმის დასრულებულია გაზის,  წყალმომარაგების, წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები და მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება. პირველი ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, ანალოგიური სამუშაოები ჩატარდება გზის მეორე მხარეს.

პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება საჰაერო სადენები, ასევე მოეწყობა მიწისქვეშა  ნარჩენშემკრები ურნები. რაც შეეხება მიწისზედა სამუშაოებს, მოეწყობა ტროტუარები, გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გარე განათების ახალი ქსელი, დამონტაჟდება LED ლამპიონები; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების მიზნით, მოეწყობა კუნძულები და ზებრა გადასასვლელები, გზის სავალ ნაწილზე გამოიყოფა ავტობუსის ზოლი; ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.

პროექტის ფარგლებში პირვანდელი სახე შეუნარჩუნდება  შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს.

პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 32 600 000 ლარს შეადგენს.