კახა კალაძე - „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხუცების დასახმარებლად პროდუქტები შეიძინონ
დავიწყეთ დახმარება მოხუცებისთვის, ვისაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, „აგროჰაბსა“ და „გუდვილში“ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, მოხუცებისთვის პროდუქტები შეიძინონ. შეძენილ პროდუქტებს კი გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით იმ ადამიანებს მიუტანენ, ვისაც დახმარება სჭირდება.
„ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავიწყეთ, დახმარება მოხუცებისთვის, დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ რთულ ვითარებაში ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ძალიან ბევრმა ადამიანმა სურვილი გამოთქვა, ჩართულობის, მხარდაჭერის, თანადგომის. გუშინ, გუშინწინ, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთად ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ბევრი ადამიანი მოდიოდა, კითხულობდა, როგორ შეუძლიათ ჩართულობა, მხარდაჭერა, თანადგომა. წითელ ჯვართან ერთად საკმაოდ საინტერესო პლატფორმა შევქმენით. გუშინწინ, „აგროჰაბში“ ვიყავით, სადაც სპეციალური კუთხე გავხსენით. „აგროჰაბში“ შესული ადამიანები, როცა საკუთარი ოჯახისთვის გარკვეულ პროდუქტს ყიდულობენ, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ასევე მოხუცებისთვის იყიდონ ის პროდუქტები, რომელიც არის შემუშავებული, მხედველობაში მაქვს არამალფუჭებადი პროდუქტები. ეს კეთდება სურვილისამებრ და არა ძალდატანებით. „გუდვილშიც“ ანალოგიური პროექტი კეთდება და მათ მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი. ოჯახებს ამ პროდუქტებს გამგეობებისა და მოხალისეების საშუალებით მივუტანთ. ყველა პროდუქტის აღრიცხვა ხდება, რათა დეტალურად ვიცოდეთ, სად მიდის, როგორ და ვისთან“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ყველაფერი გაკეთდება, რათა შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ.
„შერჩეულია ქართული საკვები პროდუქტები, რათა იმ ბიზნეს კომპანიებსაც, ვინც ამ მიმართულებით მუშაობს, ჰქონდეს განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი შეღავათი იმ თვალსაზრისით, რომ შევისყიდოთ ქართული პროდუქტები. ეს ძალიან მიხარია. ძალიან ბევრი პროდუქტია შეგროვებული. მინდა, ყველას უღრმესი, დიდი მადლობა გადავუხადო, ძალიან მაგრები ვართ. ის ადამიანები ვართ, ვინც ვიცით, თუ როგორ უნდა დავდგეთ ერთმანეთის გვერდიგვერდ გაჭივრების დროს. მსოფლიოში რა ხდება და რა მდგომარეობაა, ყველამ ვიცით. ჩვენც ამ უხილავ მტერს ვებრძვით, რასაც კორონავირუსი ჰქვია, თუმცა დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ მძიმე მდგომარეობიდან ღირსეულად გამოვიდეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.