კახა კალაძე - აგრარულ ბაზრებს მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ, თუკი რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ
აგრარულ ბაზრებს ექნებათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, თუმცა აუცილებელი იქნება იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელზეც ბოლო დღეებში არის საუბარი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.
„დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ზომები უნდა იყოს მიღებული, რა უნდა გააკეთონ იქ მომუშავე ადამიანებმა, როგორ უნდა იყოს დაცული, როგორც მათი უსაფრთხოება, ისე იქ მისული ადამიანების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. უნდა განხორციელდეს პრევენციული ღონისძიებები, ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, დაცული იყოს დისტანცია, დაცული იყოს ყველა ის მოთხოვნა, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ არ დავაზარალოთ ერთმანეთი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვინც დააკმაყოფილებს ამას, ექნება შესაძლებლობა, განაგრძოს მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.