კახა კალაძე - აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი დაავადებული ფიჭვების ნაცვლად, ჯანსაღი ხე-მცენარეები დაირგვება
აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი დაავადებული ფიჭვების ნაცვლად, ჯანსაღი ხეები დაირგვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა,სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, აღმაშენებლის გამზირზე საღი ხეები მოიჭრა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, თითქოს, თბილისის მერია ხეებს უკანონოდ ჭრის. საუბარი იყო აღმაშენებლის გამზირზე. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიცრუეა. ამავდროულად, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა არ დააყოვნა და ამ სიცრუეს ჩვეულ რეჟიმში სიუჟეტი მიუძღვნა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაავადებული ფიჭვები ნამდვილად მოიჭრა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო. ეს ყველაფერი კი, გაკეთდა იმისთვის, რომ ჯანსაღი ხეების დაზიანების ფაქტები თავიდან ავირიდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ბევრი დაზიანებული ხეა, რომელთა ჩანაცვლებაზეც შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იზრუნონ.
„სამწუხაროდ, დედაქალაქის სხვადასხვა უბანში ბევრი დაავადებული ხე გვაქვს. რა თქმა უნდა, შესაბამისმა სამსახურებმა მათ ჩანაცვლებაზე უნდა იზრუნონ, რათა სხვა ხეები არ დაზიანდეს. დაავადებული ხეებისგან მოქალაქეებმა სხეულის დაზიანებაც კი მიიღეს. ეს ყველაფერი თავიდან უნდა ავიცილოთ. პრევენციის მიზნით, აუცილებელია შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. ამის მოთხოვნა იმ სპეციალისტების მხრიდანაც არის, ვისაც აღნიშნული მიმართულება ძალიან კარგად ესმის. მოჭრილი ხეების ნაცვლად, აუცილებლად ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, რომელიც ნუსხით წინასწარ არის დამტკიცებული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ ნერგების ნუსხის დამტკიცებაში ჩართულ შესაბამის სამსახურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.