კახა კალაძე - აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემაზე ინიციატივის განხილვას, მოვუწოდებთ ოპონენტებს, ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ
მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნა, რეალური მიზანი კი პოლიტიკური პროცესის დესტრუქციულ რელსებზე გადაყვანაა.
შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური ძალა, წლების განმავლობაში საკონსტიტუციო უმრავლესობით მართავდა ქვეყანას და შერეული საარჩევნო სისტემის პროპორციულით შეცვლა ერთხელაც არ უფიქრია. მეტიც, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმა ისე განხორციელდა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების საკითხი არც კი განუხილავთ, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც მაშინდელ საკონსტიტუციო პროცესში ჩართულ იმ პოლიტიკურ ძალებს და სხვა სუბიექტებს, რომლებიც ახლა აქციაზე ვიხილეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის არც დავით უსუფაშვილს გაუკეთებია რამე.
„მოგვიანებით, 2012-2016 წლებში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას ხელმძღვანელობდა გუშინდელი საპროტესტო აქციის კიდევ ერთი მონაწილე, დავით უსუფაშვილი, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში თითი თითზე არ დაუკარებია საკონსტიტუციო რეფორმის განსახორციელებლად, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად.
2017 წელს კი, სწორედ ამავე პოლიტიკური ძალების ბოიკოტის ფონზე მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, განეხორციელებინა წარმატებული საკონსტიტუციო რეფორმა და პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემა შემოიღო. ეს იყო ის მაქსიმუმი, ის რთული შიდაპარტიული კონსესუსი, რომლის მიღწევა, საკითხისადმი მაჟორიტარი დეპუტატების უდიდესი ნაწილის მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე, დიდი ძალისხმევის ფასად იქნა მიღწეული.
ამასთან, მაშინდელ საპარლამენტო ოპოზიციას, რომელიც დღეს ბარიკადებზე დგას, საარჩევნო სისტემის დაუყოვნებელი ცვლილებისთვის, ანუ პროპორციულ სისტემაზე 2020 წელს გადასვლისთვის მხარი რომ დაეჭირა, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციაში უკვე ასახული იქნებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სურთ ეს ოპონენტებს თუ არა, სწორედ „ქართული ოცნება“ ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ერთადერთ ინიციატორად და ავტორად.
„ცხადია, ყველა საარჩევნო სისტემას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. თუმცა, ორივე საარჩევნო სისტემა ლეგიტიმური და დემოკრატიულია. 2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე.
არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს.
„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი დევიზი – ძალაუფლება ნებისმიერ ფასად – უცვლელი რჩება. ვინაიდან არც ერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არ აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული. ხალხის მობილიზების რესურსის არქონის ფონზე – რაც გუშინ ნათლად გამოჩნდა – ისინი ახლა უკვე იაფფასიანი დესტრუქციული პერფორმანსებით ცდილობენ პოლიტიკურ პროცესებში არეულობის შემოტანას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად მომთმენი.
„თუმცა, მკაფიოდ გვინდა ვთქვათ, რომ დესტრუქციის გაგრძელების შემთხვევაში, ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება.
ამ პროცესში განსაკუთრებით დასაფასებელია მიმდინარე მოვლენებისადმი ჩვენი მთავარი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხატული პოზიცია. საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს განუყოფელი ნაწილი, ცივილიზებული თამაშის წესები კი, რა თქმა უნდა, ყველასგან კანონის ფარგლებში მოქმედებას მოითხოვს.
არჩევნებამდე დარჩენილია ერთ წელზე ნაკლები. შესაბამისად, ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას. არჩევნები ჩატარდება მოქმედი კონსტიტუციით დადგენილი წესით, დადგენილ ვადებში, უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით და საერთაშორისო საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობით. ამიტომ, მოვუწოდებთ ოპონენტებს, მოემზადონ არჩევნებისთვის და ხალხის მხარდაჭერის არქონას საარჩევნო სისტემებს ნუ დააბრალებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.