კახა კალაძე - აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ აფხაზეთი
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ 25 წლის წინ, საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხის ოკუპაცია განხორციელდა.
„ძალიან მძიმე დღეა – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი. 25 წლის წინ, ამ დღეს აფხაზეთის ოკუპაციას სისხლიანი წერტილი დაესვა. აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა და ჩვენ, მომავალმა თაობებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიბრუნოთ აფხაზეთი, არამხოლოდ როგორც ჩვენი ერთიანი ტერიტორიის ნაწილი, არამედ დავიბრუნოთ აფხაზი ხალხი – ჩვენი ძმები და დები. ერთობას, სიმშვიდეს, სტაბილურობას, ეკონომიკურ განვითარებას ნამდვილად ვერაფერი შეცვლის. ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთად ვიყოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.