კახა კალაძე აცხადებს, რომ წერეთლის გამზირზე მომუშავე ორ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტიდან მეორე დღეს შესაბამისი აქტი შესყიდვების სააგენტოს გადაეგზავნა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს ხელშეკრულებები შეუწყდათ, მერიამ შესაბამისი ინფორმაცია შესყიდვების სააგენტოს მეორე დღესვე გადაუგზავნა.
„ხელშეკრულების გაწყვეტა და შესაბამისი აქტის გამოცემა როდესაც მოხდა, უკვე მეორე დღეს გადაეგზავნა შესყიდვების სააგენტოს, რომელიც განიხილავს ამას და მიიღებს გადაწყვეტილებას. ჩვენი მოთხოვნა გადაგზავნილია“, – აღნიშნა კახა კალაძემ წერეთლის გამზირზე ძველი კონტრაქტორი კომპანიების შავ სიაში შეყვანის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად.
კახა კალაძის განმარტებით, კომპანიებისგან ითხოვენ სამუშაოების დროს უსაფრთხოებას, ხარისხსა და სამუშაოების შესაბამის ვადებში დასრულებას.
„ყველა კომპანია უნდა ჩაეტიოს კონკრეტული დროის მონაკვეთში, რაც არის შეთანხმებული, რა პასუხისმგებლობა და ვალდებულებაც აქვთ აღებული ხელშეკრულებით. მეტს არაფერს ვითხოვთ. გვინდა, ეს მიმართულება იყოს მაქსიმალურად მოწესრიგებული. ჩვენ გადავაგზავნეთ მოთხოვნა. კანონით, შესყიდვების სააგენტოს აქვს გარკვეული დრო, ნახოს ყველაფერი, გაიაროს, შეამოწმოს და მიიღოს გადაწყვეტილება. რასაც თქვენ მეუბნებით, რომ რაღაც ტენდერები აქვს მოგებული, დარწმუნებული ვარ, ეს ტენდერები იქნება მანამდე გამოცხადებული, ვიდრე დედაქალაქის მერია მიიღებდა გადაწყვეტილებას აღნიშნული კომპანიის შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით. ხომ არ ვიცი თემა, მაგრამ 100%-ით დარწმუნებული ვარ, ასე იქნება. წერეთლის გამზირთან დაკავშირებით, ხომ გახსოვთ, რამხელა აგრესია, ცილისწამება მოდიოდა რადიკალების მხრიდან. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, რომ ასეთი პროექტების განხორციელება არ გიხაროდეს.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც აღნიშნული პროექტის განხორციელებაში მონაწილეობდა. ეს იყო „ენკა“, „პარმა“, „ბლექ სი ჯგუფი“, „ჯეო ჯგუფი“. თითოეულ მათ თანამშრომელს მადლობა. ასევე, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საპატრულო პოლიციას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, რადგან მთელი ამ ხნის განმავლობაში გვეთანამშრომლებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რათა შეზღუდვები და პრობლემა, რაც იყო გადაადგილების თვალსაზრისით, მაქსიმალურად შეემსუბუქებინათ მოსახლეობისთვის. ამ თანამშრომლობისთვის მათ მადლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორ კომპანიასთან, „მილენიუმ ბილდინგ გრუპთან“ და „ერ ტე დესთან“ თბილისის მერიამ ხელშეკრულება გაწყვიტა.