კახა კალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა მერიისთვის მიუღებელია
დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი პროექტების განხორციელება მიუღებელია, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ინვესტორის განცხადებას, რომელმაც დღეს დედაქალაქის მერიას ვაკის პარკში სასტუმროს ნაცვლად რესტორან „ბუდაპეშტის“ აღდგენა შესთავაზა.
როგორც კალაძე აცხადებს, თუ ინვესტორს სურვილი აქვს, მერია მზად არის, მას ადგილმონაცვლეობა კვლავ შესთავაზოს.
„ჩვენი პოზიცია იცით, რომ ვაკის პარკში მიუღებელია ასეთი შენობა-ნაგებობების განთავსება. საუბარი იყო ცხრასართულიან კორპუსზე, რაზეც ჩვენ ვუთხარით-არა კონკრეტულ პიროვნებას. ეს ბრიფინგებით საუბარი რა ვიცი, რაღაც სიახლეა მგონი. მას არანაირი პრობლემა არ აქვს ჩვენთან კომუნიკაციის. მზადყოფნას გამოვხატავთ ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით და თუ მას რეალურად სურვილი აქვს, რომ განხორციელდეს ადგილმონაცვლეობა.
თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ვაკის პარკის რეაბილიტაცია-განახლება თავისი კასკადით, შესაბამისად, როდესაც უკვე გვექნება პროექტი და გადავალთ სამშენებლო სამუშაოებზე, მაშინ შესაძლებელია, დავჯდეთ და ვისაუბროთ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვაკის პარკში ასეთი პროექტების განხორციელება მიუღებელია. ნებართვა უნდა გასცეს დედაქალაქის მერმა, შესაბამისად ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იქ უნდა აშენდეს რაიმე, თუ არა“,- განაცხადა კალაძემ.
ინვესტორი თბილისის მერიას კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს და მზად არის, უარი თქვას სასტუმროს მშენებლობაზე. სანაცვლოდ ვალდებულებას იღებს, აღადგინოს 1958 წელს აშენებული რესტორანი „ბუდაპეშტი“ ისტორიული ფასადის შესაბამისად.
ინვესტორის განცხადებით, თბილისის მერიასთან ტერიტორიის ადგილმონაცვლეობასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ შედგა და მიუხედავად სამართლებრივად სასტუმროს მშენებლობის უფლებისა, კომპანია თანხმდება დედაქალაქის მთავრობის ერთი წლის წინანდელ შეთავაზებას, რესტორნის აღდგენის თაობაზე.