კახა კალაძე აცხადებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება
კახა კალაძე აცხადებს, რომ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია 2023 წელს დასრულდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პანდემიის მიუხედავად, პროექტი არ შეჩერებულა და ამ ეტაპზე ისტორიული შენობის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს.

„არაერთხელ მითქვამს, რომ პანდემიამ მთელ ქვეყანაში და დედაქალაქშიც სერიოზული პრობლემები შექმნა. ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტზე უარის თქმა, დროებით შეჩერება და გადადება მოგვიწია, თუმცა, მიუხედავად ამ რთული ვითარებისა, გარკვეული პროექტების განხორციელება გავაგრძელეთ. ერთ-ერთი ასეთი იყო კადეტთა კორპუსი. ეს არის მთაწმინდის რაიონში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ისტორიული შენობა-ნაგებობა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო, ინგრეოდა და მასში ცხოვრება შეუძლებელი იყო. ამ ეტაპზე, განხორციელდა შენობის ერთი ფლიგელის სადემონტაჟო სამუშაოები და არასადემონტაჟო ფლიგელის ავარიული ღიობების გამაგრება ლითონის კონსტრუქციებით. სამუშაოების ფარგლებში, დასრულდა ქვაბულის გამაგრება ლითონის კონსტრუქციით და ასევე, კონსტრუქციული გამაგრება ჩაუტარდა ისტორიულ სადარბაზოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ე.წ. კადეტთა კორპუსის ისტორიული შენობის რეაბილიტაციისთვის, დაახლოებით, 14 მილიონი ლარი დაიხარჯება და სამუშაოები 2023 წელს დასრულდება.

„სამუშაოების ფარგლებში, გათვალისწინებულია დაზიანებული მონაკვეთების აღდგენა იერსახის შენარჩუნებით; გვიანი პერიოდის მინაშენების ნაცვლად, დაგეგმილია ახალი, თანამედროვე იერსახის მინაშენების მოწყობა; მნიშვნელოვან ცვლილებას განიცდის სხვენი და მისი გადახურვა, თუმცა, არ იცვლება ახალი სხვენის ფორმა; კეთილმოეწყობა ეზო. პროექტისთვის, დაახლოებით, 14 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და დასრულების ვადა 2023 წლის პირველი კვარტალია. საკმაოდ დიდი შენობა-ნაგებობაა და სენსიტიური სამუშაოა, ძეგლის მნიშვნელობიდან და ავარიულობიდან გამომდინარე“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.