კუს ტბასთან მდებარე ტყეში, სადაც შპს ,,არმლენდერ ასოშიეთსი” უკანონო სამუშაოებს აწარმოებდა, მძიმე ტექნიკამ მუშაობა შეწყვიტა.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე შევიდა ზარი, რომელზეც ზედამხედველობის სამსახურმა რეაგირება მოახდინა. კახა კალაძე ტერიტორიაზე საქალაქო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მივიდა. მისი თქმით, მოადგილეებს დაავალა, კომპანიასთან ადგილმონაცვლეობაზე დაიწყონ მოლაპარაკებები.
„კუს ტბის ტყეში უნებართვოდ ხორციელდებოდა მიწის საძირკვლის ამოღების სამუშაოები. ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშინვე მოხდა ჩვენი მხრიდან რეაგირება. ამ ადგილზე სამშენებლო ნებართვა ადრე იყო გაცემული, რომელიც შემდეგ გაბათილდა. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ასეთ ადგილებზე მსგავსი პროექტების განხორციელება. როგორც ვიცი, აქ უნდა აშენებულიყო სასტუმრო, თუმცა ეს არის კუს ტბის ტყე და აქ სასტუმროს მშენებლობა კატეგორიულად მიუღებელია. მე მესმის მესაკუთრის, ვისაც ეს მიწა თავის დროზე აქვს ნაყიდი, ისიც არ უნდა დავაზარალოთ. ამიტომ, მოადგილეებს ვავალებ, რომ დღესვე დაუკავშირდნენ მეპატრონეებს და დაიწყონ ადგილმონაცვლეობაზე საუბარი. ჩვენ მომხრე ვართ ქალაქის განვითარების, მშენებლობის, მაგრამ არა ისეთ ადგილებზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქალაქისთვის და მწვანე სივრცეების განვითარებისთვის. რაც შეეხება სანქციებს, მერია კანონის ფარგლებში იმოქმედებს”,- განაცხადა კახა კალაძემ.