კახა კალაძე აცხადებს, რომ კონტროლიორებს მეტროში ე.წ. გამტარებლების გამოვლენის, სამგზავრო ბარათის ჩამორთმევისა და დაბლოკვის უფლება აქვთ
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მეტროსადგურებში ე.წ. გამტარებლების პრობლემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად ყველაფერს გააკეთებს.
კახა კალაძის თქმით, საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების მხრიდან ე.წ. გამტარებლების უკანონო საქმიანობის გამოვლენის ფაქტს ასახავს.
„მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებულია თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით ახორციელებენ თავიანთ უფლებამოსილებას. კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, რიგით მგზავრებს სთავაზობენ საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას და სამაგიეროდ, მათგან ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც არის კანონდარღვევა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას“, – განაცხადა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, ე.წ. გამტარებლების გამოვლენა კონტროლიორების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის სრული უფლება აქვს. ამასთან, თბილისის მერმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, არ წაახალისონ კანონდარღვევა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ.
„მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან, ხელი შეუშალონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში და ნუ ცდილობენ, წაახალისონ კანონდარღვევა. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც არღვევს კანონს. აქ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ კუთვნილებას არ აქვს მნიშვნელობა. კანონის დარღვევის წინააღმდეგ ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. ამის წახალისება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გააგრძელებენ მსგავსი ფაქტების გამოვლენას და მოახდენენ შესაბამის რეაგირებას. მინდა, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.