კახა კალაძე - აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, თუმცა 22:00 საათის შემდეგ კანონი ყველასთვის მოქმედებს
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, აქციის გამართვის შესაძლებლობა ნებისმიერ მოქალაქეს აქვს. თუმცა, კალაძის თქმით, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება ყველას ეხება და კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„რა თქმა უნდა, აქციის გამართვის შესაძლებლობა აქვს ნებისმიერ ადამიანს, 22:00 საათის შემდეგ მოქმედებს კანონი ყველასთვის, როგორც ჩვენთვის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, რეაგირება მოჰყვება შესაბამისი, კანონით გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.