კახა კალაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შემუშავებულია
კახა კალაძე აცხადებს, რომ ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შემუშავებულია

თბილისის მერიამ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შედეგად, ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შეიმუშავა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ელიავას ბაზრობის განვითარება და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით. მოგეხსენებათ, აღნიშნული ობიექტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაა, სადაც მრავალი მეწარმე ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა, მისი არსებული მდგომარეობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე ქალაქის მცხოვრებლებისთვის. არავის მოსწონს დღევანდელი ელიავას ბაზრობის მდგომარეობა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქ არსებული ვითარება სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, იმ ტერიტორიის ასე დატოვება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, პროექტს მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, კერძო სექტორი განახორციელებს.

„ამ პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შევიმუშავეთ. ეს იქნება ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში ტერიტორიის მესაკუთრეები თავად განახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, პროექტის ძირითადი კონცეფცია ტერიტორიის მესაკუთრეებთან შეთანხმებითაა შედგენილი.

მისივე განმარტებით, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულთან გაფორმდა გეგმარების შესახებ ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

„პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ არ დაიწყოს პოლიტიკური მანიპულაციები, როგორც ხშირად ხდება, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან. იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებიც, პირველ რიგში, იქნება გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არც იქ მომუშავე ადამიანებს უნდათ იმ პირობებში მუშაობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.