თბილისის მერია იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომელიც აეროპორტის გზის მშენებლობას აწარმოებს
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ მერია იმ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს, რომელიც აეროპორტის გზის მშენებლობას აწარმოებს. ამ თემაზე კახა კალაძემ დედაქალაქის საკრებულოში განაცხადა, სადაც წლიური ანგარიში წარადგინა.
„აეროპორტის გზაზე რამდენიმე თვეა, მშენებლობა მიმდინარეობს. უნდა ვიყო გულწრფელი და პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს სამშენებლო კომპანია. არ ვიცი, ალბათ, ხვალ-ზეგ გვექნება მსჯელობა და დავაყენებთ ამ კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხს. ნამდვილად მიუღებელია ეს დამოკიდებულება თბილისელების მიმართ – 30-მეტრიან მონაკვეთზე უკვე შვიდი თვეა, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, მივიღებთ გადაწყვეტილებას.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჯერ კიდევ არსებობს ასეთი კომპანიები. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს გაცილებით ყურადღებით მოვეკიდებით და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. შესყიდვა ტენდერით ხდება, თუმცა ასეთ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ადგილი და მათ არ უნდა ეძლეოდეთ ასეთ ტენდერებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ამიტომ, ამ შენიშვნას ვიღებ და ამას მოჰყვება რეაგირება ჩემი და სამსახურების მხრიდან“, – განუცხადა კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებს.