კახა კალაძე - აბსურდია კონგრესმენების განცხადება, რომ აშშ-მა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს, ეს ადამიანები სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ, დღეს ამბობენ, რომ საქართველო უკან დგამს ნაბიჯებს
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აბსურდია ამერიკელი კონგრესმენების განცხადება, რომ აშშ-მა ივანიშვილი უნდა დაასანქციროს, რათა საქართველოში დემოკრატია გადარჩეს. ამის შესახებ მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
„ჩვენ ვისმენთ აბსურდულ განცხადებებს და სავარაუდოდ, არჩევნების თარიღამდე ეს ყველაფერი კიდევ უფრო გამძაფრდება. როგორ შეიძლება, რომ ეს სისულელე თქვა? ქართველს ამას როგორ ეუბნებიან, რომ საქართველო დემოკრატიის კუთხით უკან ნაბიჯებს დგამს? გავიხსენოთ, სად ვიყავით 2012 წლამდე, რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში და დემოკრატიის შუქურას უწოდებდნენ იმ ბოროტებას, იმ სისხლიან რეჟიმს, რომელსაც „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ წარმოადგენდა. ზუსტად არ მახსოვს ვინ, მაგრამ რომელიღაც პოლიტიკოსმა თქვა, რომ საქართველო ადრე კარგი სათამაშო იყო და დღეს ეს სათამაშო დაზიანებულიაო. წარმოგიდგენიათ, ჩვენს ქვეყანასთან როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ, რომ საქართველო ვიღაცის, თუნდაც ამერიკის სათამაშო ყოფილა? ამიტომ არიან ეს ადამიანები აგენტები, მოღალატეები, მათ თავიანთი ხედვა, პრინციპები არ გააჩნიათ. ამ რადიკალებს და ამ ბოროტებას 26 ოქტომბერს გაეცემა პასუხი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.