კახა კალაძე - 9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა
9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც 9 აპრილის მემორიალთან გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„9 აპრილი არის დღე, რომელიც ტრაგიკულად ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში. დღე, რომელმაც მთელი ერი გააერთიანა და ეროვნული ერთობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და ამ ყველაფრისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.