კახა კალაძე - 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუეს, დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში, საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე 
კახა კალაძე - 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან, საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუეს, დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში, საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე 

ცხრა წლის წინ, ქართველი ხალხის ერთობამ, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, შეძლო ბოროტი, მახინჯი სისტემის დამარცხება. თავისუფლებისმოყვარე ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანის ღირსების ფეხქვეშ გათელვას და სიცრუეს. ეს ის მონაპოვარია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თავისუფლების მოედანზე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა დასრულდეს ძალადობასა და ბოროტებაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალის ამბიციები ქვეყანაში.

„გამარჯვება უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ვაჩვენოთ როგორც ერთმანეთს, ისე მთელ მსოფლიოს, რომ ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანაში ადამიანის ღირსებისა და რწმენის შეურაცხყოფის ადგილი არ არის. სამწუხაროდ, ეს პოლიტიკური ძალა, ჯერ კიდევ ახერხებს ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილის შეცდომაში შეყვანას. მეტიც – ეს დესტრუქციული განწყობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ, ანადგურებს იმ ადამიანებსაც, ვინც თავად წარმოადგენენ ამ პოლიტიკურ ძალას. ამიტომ, ჩვენ ეს ადამიანებიც უნდა დავიხსნათ ძალადობრივი იდეოლოგიის ტყვეობისგან. უნდა შევეცადოთ, ავუხილოთ თვალი, მოვაქციოთ სახელმწიფოსა და საკუთარი ხალხის პატივისცემისკენ. ამ არჩევნების მეორე ტურმა ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში, ყველას უნდა დაანახოს, რომ ეს ქვეყანა ჩვენი – მშვიდობისმოყვარე, საკუთარი ქვეყნის მოყვარული, საკუთარი ისტორიის, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისმცემელი ადამიანების სამშობლოა და არა უსამშობლო ავანტიურისტების პოლიტიკური სარბიელი.

სწორედ ამიტომ, 30 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და საბოლოო წერტილი დავუსვათ ბოროტებას, სიცრუესა და დესტრუქციას ქართულ პოლიტიკაში. 30 ოქტომბერს საბოლოოდ უნდა გავიმარჯვოთ ბოროტებაზე; უნდა გავიმარჯვოთ ღირებულებით ბრძოლაში, რათა ამ საბოლოო გამარჯვებით კარი გავუხსნათ ჩვენი ქვეყნის მომავალს, კარი გავუხსნათ კეთილშობილ, პატრიოტ ადამიანებს პოლიტიკაში; კარი გავუხსნათ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს და პარტიას, რომელსაც რეალურად ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, რომელსაც შეუძლია, საკუთარი სიტყვითა და საქმით შექმნას ქვეყნისთვის სასარგებლო პოლიტიკური დღის წესრიგი, მაგრამ სამწუხაროდ, დღემდე რადიკალური ჯგუფები მათ ადგილს არ ტოვებდნენ ქართულ პოლიტიკაში.

30 ოქტომბერს ჩვენ საბოლოოდ უნდა დავასრულოთ მოჯადოებულ წრეზე სიარული და მეორე დღიდანვე, ყველამ ერთად უნდა დავიწყოთ ახალი, მომავალზე და პროგრესზე ორიენტირებული საქართველოს შენება. ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ჩვენ ყველამ ერთად სწორედ ამ განწყობით უნდა ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქები და სოფლები. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდით დგომით უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი. მჯერა, 30 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, გაიმარჯვებს თბილისი და გაიმარჯვებს საქართველო. მოდით 30 ოქტომბერს არჩევნებზე. მოდით, რათა გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.