კახა კალაძე - 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო სოფელი მოეწყობა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში წინასაახალწლოდ მასშტაბური ღონისძიებები იგეგმება.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 28 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა საახალწლო სოფელი, რომელშიც დამთვალიერებელს დახვდება ახალი ინსტალაციები, დიდი საბავშვო სივრცეები, ზღაპრის გმირები, საბავშვო კონცერტები, დღის ბენდები, საღამოს თემატური კონცერტები, საშობაო ბაზრობა.
„ნაძვის ხესთან დაკავშირებით გაქვს ძალიან მასშტაბური პროექტი, წინასწარ არ მინდა ამაზე ვისაუბრო, ეს სიურპრიზად დავტოვოთ. უბრალოდ არის გარკვეული ტექნიკური პრობლემები, რამდენად შევძლებთ ამის განხორციელებას, რამდენიმე დღეში გვეცოდინება პასუხი და მივიღებთ გადაწყვეტილებას ნაძვის ხის განთავსებასთან დაკავშირებით. ყველა შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას სხვადასხვა კონცერტებში, აქაც ჩვენ არ დავყოფთ საზოგადოებას იმისიანებად და ამისიანებად. კატეგორიულად მიუღებელია საზოგადოების დაყოფა, ჩარეცხვა, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა, ამიტომ 500 მონაწილე მიიღებს მონაწილეობას კონცერტში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 7 იანვარს საახალწლო სოფელს დახურავს ყველა დროის და ყველასათვის საყვარელი მიუზიკლი „ჩხიკვთა ქორწილი“, რომელიც პირველად გათამაშდება თბილისის ცის ქვეშ.
„რაც შეეხება გალა კონცერტს, მისი კონცეფცია სამ ნაწილად იყოფა და სცენაც სწორედ სამ სივრცედ გადანაწილდება. ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით ორკესტრთან ერთად შესრულდება ყველა დროის ყველაზე საყვარელი კინომუსიკა. საახალწლო და საშობაო განწყობისთვის, გაჟღერდება ყველასთვის საყვარელი საშობაო სიმღერები. 40 ნომერი იქნება წარმოდგენილი და მსმენელის წინაშე წარდგება 170 მუსიკოს-შემსრულებელი“, – განაცხადა კალაძემ.