კახა კალაძე - 24 დეკემბრამდე განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათმა“ გადაიწიოს მაგალითად, ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე
დედაქალაქის განათებაზე დახარჯულია დაახლოებით 700 000 ლარი, -ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს თანხა მოხმარდა ახალი ნაძვის ხის მორთულობისთვის საჭირო ყველა პროდუქტის შეძენას.
„გარდა ამისა, ხეებზე დახვეულ ე.წ. სტრინგებს რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ამ თანხით არის შეძენილი. ჩვენ სამი კონცერტი გვექნება. 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს. რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერითი ღონისძიებები იმისთვის, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში მიიღონ ანაზღაურება. პანდემიამ კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს მომღერლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.რაც შეეხება საახალწლო კონცერტებს, როგორც ნაძვის ხის ანთების ღონისძიება, ესეც გადაიცემა პირდაპირ ეთერში, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, სხვადასხა ესტრადის ვარსკვლავებს მოუსმინოს“,- განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, განიხილავენ, იქნება თუ არა მიზანშეწონილი, რომ „კომენდანტის საათმა“ ღამის 11:00 ან 12:00 საათამდე გადაიწიოს.
„რაც შეეხება „კომენდანტის საათს“, რომ 21:00 საათზე ქალაქში გადაადგილება იზღუდება, 24 დეკემბრამდე არაერთი შეხვედრა იქნება საკოორდინაციო საბჭოზე, სადაც განიხილება, მიზანშეწონილი იქნება თუ არა, რომ „საკომენდანტო საათი“ გადაიწიოს მაგალითად, 11:00 ან 12:00 საათამდე. განათებები დღეს მთელი ღამის განმავლობაში იქნება, ხოლო ხვალიდან უკვე, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყება, ნაძვის ხის გარდა, ყველაფერი ჩამქრალი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.