კახა კალაძე 23 ივნისის მარათონში მონაწილეობისთვის მთავრობის წევრებსა და მოქალაქეებს იწვევს
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, 23 ივნისს, თბილისში მარათონი გაიმართება.
მარათონის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ისაუბრა.
კალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და დედაქალაქის მერია ქალაქის მასშტაბით არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
„მუნიციპალური კომპლექსების მშენებლობას ვახორციელებთ. გვინდა, მულტიფუნქციური კომპლექსები ყველა რაიონში არსებობდეს, სადაც სხვადასხვა სპორტული სივრცე იქნება. სკვერებში შესაბამის სავარჯიშოებს ვამონტაჟებთ. საუკეთესო მაგალითი გოძიაშვილის პარკია, რომელიც სავსეა – ყველა თაობის ადამიანი დაკავებულია სპორტით. ზოგი დარბის, ზოგი სავარჯიშოებზე ვარჯიშობს. ამ სახის მარათონი გასულ წელსაც გვქონდა. მარათონზე ყველას ვიწვევთ. პირველ რიგში, მთავრობის წევრებს და ყველა ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, მარათონში ჩაერთოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის ინფორმაციით, მარათონი სტარტს რესპუბლიკის მოედნიდან აიღებს და ახლად რეაბილიტირებულ ორბელიანის მოედანზე დამთავრდება.
„09:00 საათზე რეგისტრაცია, ხოლო გარბენი 10:00 საათზე დაიწყება. ვისაც სურვილი აქვს, მობრძანდით და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მხარი დაუჭირეთ. საღამოს კი კონცერტი გაიმართება“, – დასძინა კახა კალაძემ.