კახა კალაძე - 21 ივნისის მოვლენები არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული ძალების, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდებს პარლამენტის აღებისკენ
კახა კალაძე - 21 ივნისის მოვლენები არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული ძალების, ვინც მოუწოდებდა ახალგაზრდებს პარლამენტის აღებისკენ

დესტრუქციულა ძალებმა და დესტრუქციულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად, ამას არანაირი გამართლება არ აქვს და საღამოს განვითარებული მოვლენები არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ, პარლამენტის აღებისკენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ფეისბუქზე, ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კალაძე გამოეხმაურა 20 და 21 ივნისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს და დაშავებულების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

„შეიკრიბა ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც გამოხატავდა პროტესტს, რადგან ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, არ იყო მისაღები იმ ადამიანების ხილვა პარლამენტში, ვისგანაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 % არის ოკუპირებული. ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი და შესაბამისად, იმ ადამიანების ჰქონდათ სწორი პროტესტი.

თუმცა როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ; დესტრუქციულმა ძალებმა და დესტრუქციულმა პოლიტიკოსებმა იმოქმედეს ძალიან ცუდად, ამას არანაირი გამართლება არ აქვს და საღამოს განვითარებული მოვლენები არის სრული პასუხისმგებლობა იმ დესტრუქციული პოლიტიკოსების, ვინც პირდაპირ მოუწოდებდა იქ მყოფ ახალგაზრდა გოგო-ბიჭებს შტურმისკენ, პარლამენტის აღებისკენ. ეს იყო ძალიან მძიმე და ამას მოჰყვება სამართლებრივი რეაგირება ჩვენი მხრიდან და ისე არ დარჩება, დაუშვებელია.

როგორ განვითარდა მოვლენები ვნახეთ; ძალიან მძიმე სანახავი იყო.  ძალიან მძიმე იყო დაშავებული ადამიანების ხილვა. მინდა, ყველას გამოჯანმრთელება ვუსურვო. ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა, თანადგომა, რაც კი შეიძლება. პირადადაც მზად ვარ, მოკრძალებული წვლილი შევიტანო მათ გამოჯანმრთელებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერი პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მოკვლევის დაწყებასაც გამოეხმაურა.

„ვისმენდით და ვნახულობდით კონკრეტულ კადრებს ცალკეულ ეპიზოდებში ძალის გადამეტების. დღეს მოვისმინეთ შსს-ს განცხადება, პროკურატურის განცხადება, რომ ამაზეც დაწყებულია მოკვლევა და სიტყვას გაძლევთ, რომ ამის რეაგირების გარეშე დარჩენა არ მოხდება”, – განაცხადა კალაძემ.