კახა კალაძე - 2024 წლის არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ქვეყნის მომავლის საკითხი, გვინდა ომი თუ გვინდა მშვიდობა
მშვიდობა თუ არ იქნა, ვერც სოციალური დახმარებები და სხვადასხვა სახის პროგრამები იქნება მოსახლეობისთვის. ამიტომ არის პრიორიტეტული მშვიდობა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სოციალური პრობლემებისთვის გვერდის ავლას ეხებოდა.
თბილისის მერის თქმით, დღეს, პირველ რიგში, ქვეყანაში მთავარი გამოწვევა მშვიდობისა და განვითარების გარემოს უზრუნველყოფაა, რათა არსებული თუ დაგეგმილი პროექტები მშვიდობიან გარემოში განხორციელდეს.
„გამოწვევები დღესაც არსებობს სოციალური მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უამრავი პროგრამა, უამრავი პროექტი, რომლებიც ხორციელდება ან მომავალშია დაგეგმილი, თუმცა ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი: ეს არ არის მხოლოდ არჩევნები, ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის ბრძოლა. ეს არის რეფერენდუმი, სადაც წყდება ამ ქვეყნის მომავლის საკითხი, გვინდა ომი ქვეყანაში თუ გვინდა მშვიდობა. შესაბამისად, საზოგადოებამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, რა გვინდა – მშვიდობა და სიმშვიდის შენარჩუნება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება თუ იგივე მდგომარეობა, რაც უკრაინაშია. სამწუხაროდ, ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით, რამხელა უბედურების მომტანი არის ომი. დღეს არ გვაქვს ჩვენ იმის ფუფუნება, რომ შეცდომა დავუშვათ. მომავალი თაობები არ გვაპატიებენ ამ შეცდომის დაშვებას, რომელმაც ქვეყანა შეიძლება ათეულობით წლით უკან დახიოს. შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება არის მისაღები, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და უნდა ავირჩიოთ ქვეყნის განვითარება, მშვიდობა და ევროპული მომავალი“, – განაცხადა კახა კალაძემ.