კახა კალაძე 2022 წლიდან ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას გეგმავს
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ურბანული პოლიტიკის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების გაცნობით დაიწყო. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მისი მერობის ოთხ წელში ურბანული განვითარების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის, დედაქალაქმა მიიღო მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
„რამდენიმე დღის წინ, მქონდა საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებების წარდგენა. დღეს კი, უფრო დეტალურ პრეზენტაციას წარმოგიდგენთ ურბანული მიმართულებით. ეს პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის განვითარების ვექტორს. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც ქალაქს არ ჰქონდა გენერალური განვითარების გეგმა და ქაოტური განაშენიანება ხდებოდა. ჩვენ ვართ ის მთავრობა, ვინც მიიღო გენერალური გეგმა და ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას. ასევე, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქში აიკრძალა კოეფიციენტების მომატება, რაც მანამდე დიდი პრობლემას წარმოადგენდა კონკრეტული რაიონების, ქუჩებისა და უბნებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მომდევნო ოთხ წელში ურბანული პოლიტიკის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის განხორციელება.
„ურბანული პოლიტიკა შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ახალი პროგრამები, სიახლეები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი დედაქალაქისთვის. სამწუხაროდ, თბილისში გვაქვს 10 000-მდე ავარიული შენობა-ნაგებობა. ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა ვქნათ, რა ნაბიჯები გადავდგათ, რომ ეს პრობლემა მომდევნო წლებში მოგვარდეს.
დღეს წარმოგიდგენთ კონკრეტულ პროგრამებს, რომლის წესებსაც დავამტკიცებთ. შემდეგ კი, შევძლებთ ავარიული სახლების ჩანაცვლებას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები. გარდა ამისა, ძველ თბილისში გვაქვს უამრავი კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ამ მიმართულებით არაერთი კარგი პროექტი განვახორციელეთ და მუშაობას მომდევნო ოთხ წელშიც გავაგრძელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც თბილისის მერობის კანდიდატმა განმარტა, ყოველწლიურად, ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრებაზე.
„ეს ძალიან დიდი ტვირთია ბიუჯეტისთვის და ყოველწლიურად მზარდია. სამწუხაროდ, ავარიული შენობა-ნაგებობები 3-4 წლის შემდეგ ისევ ავარიული ხდება, სხვა კატეგორიაში გადადის და ეს არის ტყუილად დახარჯული თანხა. ამ პრობლემის მოგვარებას, რა თქმა უნდა, ოთხი წელი არ ეყოფა, გარკვეული წლები დასჭირდება, თუმცა, მთავარია, რომ იარსებებს პროგრამა. ხვალ-ზეგ კახა კალაძე იქნება, ჩვენი გუნდი იქნება თუ არა, ყველას ექნება ეს ძალიან მაგარი პროგრამა, რომლითაც შესაძლებელია ჩვენი ქალაქის სრული განახლება, ისე, რომ ურბანული იერსახე არ იყოს დარღვეული და ეს გადამეტებული სართულები, რაც გარკვეულწილად პრობლემას წარმოადგენს, თავიდან ავირიდოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.