კახა კალაძე - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის გადამწყვეტი იქნება
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ასპინძაში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნება“ და მისი წევრები, ერთგული მებრძოლები და მხარდამჭერები კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ემზადებიან.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს, თქვენ წინაშე ასპინძის მუნიციპალიტეტში, ჩვენი კულტურის გამორჩეულ ადგილას, ვარძიის უნიკალურ და ულამაზეს, ისტორიით სავსე, კლდეში ნაკვეთ ქალაქთან ვიმყოფები. ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ დღეს ასპინძის მაჟორიტარობის კანდიდატს წარადგენს.
ჩვენი პარტია და მისი წევრები, ერთგული მებრძოლები და მხარდამჭერები კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ჩვენი ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი მზრუნველ, ეფექტურ ხელისუფლებასა და მოძალადე, ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის.
„ჩვენმა ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას თუ მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ საჯარო სიკეთეებს შორის, თავისუფალ მეწარმეობასა და დატერორებულ, დარეკეტებულ ბიზნესს შორის, ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტსა და წამებას შორის, არჩევანი უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალასა და ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ძალებს შორის.
დიახ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, ძალა, რომლისთვისაც მთავარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული და ყოველთვის ვაკეთებთ შედარებებს, რა იყო, რა მდგომარეობა იყო და სად ვართ დღეს. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რა უნდა გავაკეთოთ, რათა მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები, გამოწვევები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი ერთად დგომა და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია. ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური წინგადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორიები, რათა გავაძლიეროთ სოფლები, ქალაქები და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.