კახა კალაძე - 2020 წელს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია
კახა კალაძე - 2020 წელს ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია

2020 წელს რომელი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებს, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ამას ჩვენი მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

„არ მომისმენია განცხადებები, ასე რომ, გამიჭირდება შეფასებების გაკეთება. 2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, რომელი პოლიტიკური პარტია იქნება, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, კოაბიტაცია იყო თუ არა თავის დროზე შეცდომა, კახა კალაძემ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გაიხსენა და თქვა, რომ „ქართული ოცნება“ იმოქმედებს ისე, როგორც ქვეყანას ეკადრება.

„შემიძლია, კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო, რომ  მოვიქცევით და მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში, რასაც ვუყურებთ და ვაკვირდებით, ეს ადამიანები კიდევ ერთხელ შეეცადნენ, რომ მიდგომა, დამოკიდებულება, თანამედროვეობა, ისევ ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ, რაც ძალიან ცუდია“, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა.

„ამის ნათელი მაგალითია ოპონენტების განცხადებები ნებისმიერ საკითხზე, ნებისმიერ წინგადადგმულ ნაბიჯსა და რეფორმაზე, რასაც ჩვენ ვისმენთ და ვუყურებთ ყოველდღიურ რეჟიმში“, – განაცხადა კახა კალაძემ.