კახა კალაძე - 2012 წლამდე საქართველო იყო ერთი დიდი ციხე, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით, 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა, ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა
2012 წლამდე საქართველო იყო ერთი დიდი ციხე, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით და განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს უსწორდებოდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 2012 წლის შემდეგ საქართველოში ვითარება რადიკალურად შეიცვალა.
„ძალიან მნიშვნელოვანია განვლილი წლები. მინდა, შედარება გავაკეთო, ვისაუბრო, რა ხდებოდა 2012 წლამდე. იყო უმძიმესი მდგომარეობა, დემოკრატიული პროცესები იყო ჩახშული, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება განადგურებული, მედია იყო ერთი კაცის ხელში. გვახსოვს პროცესები, როდესაც ტელევიზიაში შევარდნენ, პატარა ტელევიზიები დახურეს და ასე შემდეგ. ადამიანის უფლებები ყველანაირად ფეხქვეშ იყო გათელილი. გვახსოვს, რა მდგომარეობაში იყო ბიზნესი, როგორ უსწორდებოდნენ, ართმევდნენ – ღამის 03:00 საათზე დაბარებები ნოტარიუსში და გადაფორმებები. გვახსოვს, რა ხდებოდა ციხეებში, როგორ უსწორდებოდნენ პატიმრებს. ზოგადად, 2012 წლამდე საქართველო იყო ერთი დიდი ციხე, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი სააკაშვილის სახით, გვახსოვს, როგორ უსწორდებოდა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს. 2012 წლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა მდგომარეობა და ეს მოახერხა ერთმა ადამიანმა – ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა და პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მიიღო გადაწყვეტილება. ამ ადამიანმა მთელი საქართველოს გაერთიანება შეძლო, შემოიკრიბა გულანთებული, ამ ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები და შეძლო გამარჯვება. ეს მოხდა მშვიდობიანი არჩევნების გზით, როგორც ეს ხდება ყველა განვითარებულ, ცივილიზებულ ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.