კახა კალაძე - 15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარი მოეწყობა
15 სექტემბრისთვის ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
დედაქალაქის მერი ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე იმყოფებოდა, სადაც გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ პროექტით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაოები უკვე სრულდება.
კერძოდ, ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე წყალარინებისა და სადრენაჟო სისტემები მთლიანად შეიცვალა. ადგილზე, ასევე, შეიცვლება განათების სისტემა, ელექტროგადამცემი ხაზები კი მიწის ქვეშ განთავსდება. მერის თქმით, მსგავსი მასშტაბის სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე არასდროს განხორციელებულა.
„ჩვენთვის მთავარია, რომ 15 სექტემბრისთვის ვარაზისხევიდან „პიქსელის“ შენობამდე გზის საფარი იყოს მოწყობილი. ეს არ ნიშნავს, რომ პროექტი მთლიანად დასრულდება. მხოლოდ ამ მონაკვეთზე ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება. პროექტი კი მოგვიანებით დასრულდება. პარალელურად, ტროტუარის მოპირკეთება ხდება, ასევე, ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში განთავსება, ნარჩენებისთვის კი მიწისქვეშა ურნები ეწყობა. რადგანაც სწავლა 15 სექტემბერს უნდა დაიწყოს, ამიტომაც მნიშვნელოვანია, გამზირის ამ მონაკვეთზე საგზაო სამუშაოები დასრულდეს, რათა ავტომობილებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ადგილზე სამუშაოებს კომპანია „ჯეუ გრუპი” უახლესი ტექნოლოგიით ახორციელებს. კერძოდ, გრუნტის სტაბილიზაციის სამუშაოები ტარდება, რაც გზის საფუძველის სიმკვრივეს გააორმაგებს და რამდენიმე ათეულ წელს გაძლებს. საუბრისას მერმა აღნიშნა, რომ მსგავსი ტექნოლოგიით გზის საფარის დაგება პირველად აეროპორტის გზატკეცილზე განხორციელდა.