კახა კალაძე - 13 ივნისი არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს
13 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღეა. ეს არის დღე, რომელიც ჩვენს დედაქალაქს ყოველთვის ემახსოვრება. სამწუხაროა, რომ დავკარგეთ ბევრი ადამიანი და კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ამ ადამიანების ოჯახებს, ახლობლებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე განაცხადა.
კალაძემ მოქალაქებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქალაქის გაწმენდით სამუშაოებში მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული.
„აქვე უნდა აღინიშნოს შემდეგი დღეები, როდესაც ახალგაზრდები გამოჩდნენ, თუ რამხელა ძალა დაინახა საზოგადოებამ და ექვსი წლის შემდეგ კიდევ მინდა გადავუხადო მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო გაწმენდით ღონისძიებებში, ჩართული იყო იმისთვის, რომ დაზარალებულ მოსახლეობას გვერდით დასდგომოდა და ყველაფერი გაეკეთებინა, რომ ეს ტკივილი და სიმძიმე შეემსუბუქებინა. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მხარდაჭერით და თანადგომით მთელი რიგი პროექტები განხორციელდა. დამონტაჟდა სამონიტორინგო და საალარმე სისტემა, რისი საშუალებითაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება კონტროლი იმ არეალის, საიდანაც ეს მეწყერი წამოვიდა. დამონტაჟდა ხეობაში ორი ცხაური, რომელიც არის შემაკავებული. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ ეს განმეორდება, ეს იქნება შემაკავებელი ცხაურები. გარდა ამისა, მოხდა ვერეს ხეობის სარეაბილიტაციო, გამაგრების სამუშაოები, რადგან ადიდებულმა მდინარემ კონკრეტული არეალები დააზიანა და ძალიან მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ამ მიმართულებით. ყველა რეკომენდაცია, რაც მითითებული იყო ექსპერტების მხრიდან, განხორციელებულია“, – განაცხადა კალაძემ.
13 ივნისის ტრაგედიიდან ექვსი წელი გავიდა.