კახა კალაძე - 112-ში დისპეტჩერიზაციის პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, 112-ში ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, აღნიშნული ხელს შუწყობს იმას, რომ სასწრაფო დახმარების ჯგუფი დროულად მივიდეს პაციენტთან, რომელსაც დახმარება იმ დროისთვის ყველაზე მეტად ესაჭიროება.
„თუ გავაანალიზებთ სტატისტიკას, ვნახავთ, რომ ხშირია მაგალითები, როდესაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურს მოქალაქეები ელემენტარულად თავის ტკივილის ან მაღალი წნევის დროს იძახებენ და სასწრაფო დახმარება გადატვირთულობის გამო, იმასთან ვერ ახერხებს მისვლას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება. ამისგან დაზღვეულები რომ ვიყოთ, აღნიშნული პროგრამის შესყიდვა და განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა ყველა განვითარებულ ქვეყანაშია დანერგილი და საქართველო საუკეთესო მაგალითს გაიზიარებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, პროგრამის დანერგვა უახლოეს მომავალში იგეგმება.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის ინფორმაციით, პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფის დროულად მისვლის მიზნით, ე.წ. დისპეტჩერიზაციის პროგრამის შესყიდვა იგეგმება, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მიღებული პრაქტიკაა.