კახა კალაძე - 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს საქართველო აუცილებლად მიიღებს
მურმან დუმბაძისა და ცალკეული ადამიანების განცხადებების შეფასებას არ გავაკეთებ, ის, ჩვეულებრივ, „ნაციონალური მოძრაობის“, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგს მიჰყვება, – ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას მურმან დუმბაძის განცხადების შეფასების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს და მისი მიღება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას 2030 წლამდე გაახანგრძლივებს.
თბილისის მერის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, რეკომენდაციების სრულად შესრულების გათვალისწინებით, საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ მთელი რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ ქვეყანამ სტატუსი ვერ მიიღოს, მინდა, გითხრათ, რომ საქართველო სტატუსს აუცილებლად მიიღებს. 100%-იანი გარანტიით ვამბობთ, რომ სტატუსს ჩვენი ქვეყანა მიიღებს. ყველაფერი იქნა შესრულებული, ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ არანაირი არგუმენტი არ რჩება, თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. თუ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მაშინ გამოვალთ და საზოგადოებას ავუხსნით. თუმცა დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელი შეფასებებით, საქართველო 100%-ით მიიღებს სტატუსს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს თბილისის მერი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, კანდიდატის სტატუსი იქნება არა „ქართული ოცნების“, არამედ ქართველი ხალხის დამსახურება, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ქართველ ხალხის უმრავლესობის ნებას 2012 წლიდან სწორედ „ქართული ოცნება“ წარმოადგენს.
„„ნაციონალური მოძრაობა“ ჩარჩენილია იმ წარსულსა და იმ სიბინძურეში, რა მეთოდებითაც და რა დამოკიდებულებით მართავდნენ ქვეყანას. ამ ადამიანებმა ვერ შეძლეს და ვერ გააკეთეს სწორი ანალიზი, თუ რატომ გაუშვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. შესაბამისად, იმ განცხადებებზე, რომ ხალხი იმსახურებს, ხელისუფლება არ იმსახურებს, ამაზე გეტყვით, რომ დღეს ხალხს წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით უკვე 2012 წლიდან მოყოლებული ვიმარჯვებთ, და გარწმუნებთ, რომ იმ დამოკიდებულებით, რომელიც ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“, კოლექტიურ ნაცებს ხალხის მიმართ, იმავეს აგრძელებენ დღესაც. ეს არის ძალიან საშიში ძალა, რომელიც მზად არის, სხვა ქვეყნის ინტერესების გამო გაწირონ საკუთარი ქვეყანა, ხალხი. შესაბამისად, ისინი იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან“, – განაცხადა კახა კალაძემ.