კახა კალაძე -10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ განაცხადებზე ვადაგადაცილება არ დაფიქსირებულა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, არქიტექტურის საქალაქო სამსახურში განხორციელებული სისტემური რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა და რეგისტრირებულ განაცხადებზე ვადაგადაცილება არ ფიქსირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„რამდენიმე კვირის წინ მე გავაკეთე განცხადება, რომ ჩვენ დავიწყეთ არქიტექტურის სამსახურში სისტემური რეფორმა და იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც სამშენებლო სერვისების მიმართულებით დედაქალაქს აწუხებდა. ეს იყო ბიუროკრატიული მექანიზმების შემცირება და სანებართვო მომსახურებების ეფექტიანი მართვა. 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურმა განსხვავებული სისტემით დაიწყო მუშაობა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. ამ პერიოდიდან არქიტექტურის სამსახურში რეგისტრირებულ არც ერთ განაცხადზე ვადაგადაცილება არ დაფიქსირებულა და მოქალაქეები, ისევე, როგორც დეველოპერები და არქიტექტორები კანონმდებლობით დადგენილ ვადებში კვალიფიციურ მომსახურებას იღებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, ანალოგიური სისტემური რეფორმის განხორციელება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურშიც უნდა მოხდეს.
„როდესაც მთავრობაში მოვედით, არქიტექტურის სამსახურს ურბანული სამსახური გამოეყო. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს პრობლემები, რადგან ჯერ კიდევ რჩება ბევრი საკითხი, წინა მთავრობის დროინდელი, რომლებიც ჯერ არ განხილულა. მინდა დავავალო ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს, რომ ურბანული სამსახურის ხელმძღვანელ რუსუდან მირზიკაშვილთან ერთად, ორი კვირის ვადაში ყველა პრობლემური საკითხი მოგვარდეს, პასუხი იქნეს გაცემული და პარალელურად შეიქმნას ანალოგიური სისტემა, რაც არქიტექტურის სამსახურში შევქმენით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დედაქალაქის მოსახლეობას უპრობლემოდ მოვემსახუროთ, სისტემა უნდა იყოს გამართული“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერმა მშენებლებსა და დეველოპერებს მიმართა, რომ მერიის შესაბამისი სამსახურების მოთხოვნები, მშენებლობებთან დაკავშირებით, გაითვალისწინონ.
„ვხედავთ, რა მდგომარეობამდე მივიდა ქალაქი არასწორი მშენებლობების გამო. შესაბამისად, ის მოთხოვნები, რომელიც არქიტექტურისა და ურბანულ სამსახურებს აქვთ, დეველოპერებისა და მშენებლების მიერ დაკმაყოფილებული უნდა იყოს. წლების განმავლობაში ნებართვები როგორც გაიცემოდა, ჩვენ იმავე ფორმით ვერ ვიმუშავებთ. ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები. ამასთან, არსებულ საკითხებს ძალიან სწრაფად მოვაგვარებთ, რომ დეველოპერებს პრობლემა არ შეექმნათ. თუმცა მათი მხრიდანაც მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რათა ერთად შევძლოთ ქალაქის სწორი განვითარება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.