კახა კალაძე - 10 მაისიდან არქიტექტურის სამსახურში მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას შევუდგებით
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების საკითხზე ისაუბრა. კალაძის თქმით, უკვე დასრულებულია მერიის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, რამაც თავისი შედეგი გამოიღო.
„მოგეხსენებათ, მერიაში მოსვლის პირველივე დღიდანვე ჩვენ დავიწყეთ მუნიციპალიტეტის სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანიც არის მუნიციპალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. დღეს უკვე დასრულებულია მერიის ცენტრალური აპარატის რეორგანიზაცია, რამაც თავისი შედეგი გამოიღო და ამას მოსახლეობა დაინახავს მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მან ასევე ისაუბრა არქიტექტურის სამსახურში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზეც.
„ამ გამოწვევებისა და პრობლემების ადრესატები გახლავთ ბიზნეს სექტორი და არქიტექტურის სფეროში მომუშავე ადამიანები. ჩვენს მიერ გამოვლენილია ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც მათ აწუხებთ, ყველა ის მიზეზი, რომელიც ამ პრობლემების გამომწვევია და შექმნილია კონკრეტული ინსტრუმენტები და მექანიზმები მათ დასაძლევად. რა იყო ძირითადად ეს პრობლემები, რაც გარკვეულწილად სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევდა. ეს იყო მომსახურების ვადების სისტემური დარღვევა, არაერთგვაროვანი გადაწყვეტილებები ერთი და იგივე საკითხის რამდენჯერმე დახარვეზება და ა.შ. უნდა ვთქვათ, ეს ყველაფერი მოგვარებულია, ნაწილი მოგვარების პროცესშია და მინდა გითხრათ, 10 მაისიდან ჩვენ არქიტექტურის სამსახურში შევუდგებით მომსახურების ახალი სტანდარტის დანერგვას და ამ გზით დავიწყებთ იმ ხარვეზებისა და სისტემური პრობლემების აღმოფხვრას, რომლებიც არსებობს როგორც საშემსრულებლო, ისე მენეჯმენტის რგოლში.
მე დარწმუნებული ვარ, რომ პრობლემებზე თვალს არ დავხუჭავთ, რაც საქალაქო სამსახურებშია და ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართული იქნება იმისკენ, რომ ყველა ეს სერვისი იყოს გაუმჯობესებული და ყველა პრობლემა და გამოწვევა, რომელიც არსებობს, იყოს მოგვარებული.
რა თქმა უნდა, ამით არ გავჩერდებით, გავაგრძელებთ ასეთი სისტემური პრობლემების გამოვლენას, როგორც არქიტექტურის სამსახურში, ისე სხვა საქალაქო სამსახურებში და მოვახდენთ სწრაფ რეაგირებას იმისათვის, რომ უმოკლეს დროში შევძლოთ მუნიციპალური სერვისების მაღალი სტანდარტით მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.