კახა კახიშვილი - თუ ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, მაშინ რად გვინდა საერთოდ საკრებულოს ან პარლამენტის ამდენი წევრი
საქართველოს პარლამენტში ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა კახიშვილი ინიციატივით გამოდის, თუ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საკრებულოებში მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობა შემცირდება, მთლიანად საკრებულოს წევრთა რაოდენობა შეიკვეცოს, ასევე მოხდეს პარლამენტის შემთხვევაშიც.
საარჩევნო კოდექსის ცვლილებების პროექტთან მიმართებაში კახა კახიშვილს რამდენიმე საკითხზე კითხვები და ასევე წინადადებები აქვს, რომელზეც მან დღეს, პლენარულ სესიაზე ისაუბრა, სადაც საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ თვითმმართველობებში მაჟორიტარ დეპუტატთა რაოდენობის შეკვეცა არასწორია და აცხადებს, რომ სწორედ მაჟორიტარები არიან ხელისუფლების ერთადერთი რგოლი, რომლებიც მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში იმყოფებიან და მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს წყვეტენ. ცვლილებების პროექტით თვითმმართველ ქალაქებში საკრებულოს წევრების რაოდენობა 4/1-ზე თანაფარდობით განისაზღვრება – ერთ მაჟორიტარზე პროპორციული წესით არჩეული ოთხი დეპუტატი, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი, 2/1-ზე თანაფარდობით.
„თვითმმართველობის არჩევნებში მაჟორიტარების შეკვეცა, ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ ხარაკირი, რადგან ერთადერთი რგოლი, რომელსაც აქვს მოსახლეობასთან პირდაპირი კომუნიკაცია, ეს არის თვითმმართველობის, საკრებულოს წევრები, რომლებიც გამგეობასთან ერთად, უზრუნველყოფენ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო, მათ შორის, ძალიან სწრაფ გადაწყვეტილებებს. თუ ვისაუბრებთ სისტემაზე, სისტემა კარგია. ცალკეულ შემთხვევებზე კი, როდესაც მოსახლეობა კონკრეტულად მაჟორიტარით უკმაყოფილოა, ვერ ვისაუბრებ. აქედან გამომდინარე, გთხოვთ, რომ არ ავყვეთ პოლიტიკურად უაზროდ მოთხოვნილ საკითხს, მეტიც, საერთაშორისო ექსპერტებს ვკითხოთ ამასთან დაკავშირებით მოსაზრება და დასკვნა დადონ, რამდენად სწორად მიაჩნიათ, რომ თვითმმართველობის არჩევნები გადადის პროპორციულ სისტემაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი განმარტებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის საკრებულოს წევრების რაოდენობა განსაზღვრული იყო პრინციპით – წევრების ნახევარი მაჟორიტარული სისტემით არჩეული და ნახევარი – პროპორციულით. იმ შემთხვევაში კი, თუ მაჟორიტარების რაოდენობა შემცირდება, ლოგიკურად უნდა შემცირდეს საკრებულოს წევრთა მთლიანი რაოდენობაც. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ასევე უნდა შემცირდეს ზოგადად პარლამენტართა რაოდენობა, თუ საკანონმდებლო ორგანოში 75 მაჟორიტარი აღარ იქნება.
„თბილისის შემთხვევაში ეს იყო 50 წევრი. თუ ახლა იკვეცება და ვამბობთ, რომ ამდენი მაჟორიტარი არ გვინდა, რად გვინდა ამდენი პროპორციული. მაშინ შევკვეცოთ და ვთქვათ, რომ იქნება საკრებულოს 25 პროპორციული წესით არჩეული წევრი, რადგან ლოგიკას არის მოკლებული. ასევეა პარლამენტის საკითხიც -150 წევრი, 75/75-ზე იყო, ახლა თუ არ იქნება 75 მაჟორიტარი, რად გვინდა ამდენი პარლამენტარი“, – განაცხადა დეპუტატმა.