სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახა კახიშვილი მიიჩნევს, რომ სამინისტროების შერწყმის მოდელი კარგად გააზრებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სისტემამ მდგრადობა, სისწრაფე და ეფექტიანობა არ დაკარგოს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში კახა კახიშვილმა იუსტიციისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების შესაძლო გაერთიანების საკითხზე განაცხადა, ყველაფერი კარგად გაანალიზებული უნდა იყოს, რათა ქვეყანამ სისტემის კოლაფსი არ მიიღოს.
„ძალიან კარგად უნდა გავაანალიზოთ როგორ მოხდება გაერთიანება, რადგან ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ევროპულ ქვეყნებში სხვადასხვა მოდელია, მაგალითად, როცა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მხოლოდ პენიტენციური დეპარტამენტია, ჯანდაცვის დეპარტამენტი კი, ჯანდაცვის სამინისტროშია, პრობაცია ან სასამართლოს დაქვემდებარებაშია, ან საერთოდ დამოუკიდებელი. ყველაფერი კარგად გაანალიზებული უნდა იყოს, რომ სისტემის კოლაფსი არ მივიღოთ.
სანამ ეს სამინისტროები გაერთიანდება, დარწმუნებული ვარ, შესაძლებლობა მექნება, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში, ჩემი აზრი პრემიერ-მინისტრს წარვუდგინო“, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა.
მისი შეფასებით, ერთი მხრივ, უხერხულიცაა, როცა არსებობს ისეთი სახის სამინისტრო, რომელიც სხვა ქვეყნებში არ არის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
„ევროპულ ქვეყნებში ეს მოდელი არ არის. ევროპულ ქვეყნებში იუსტიციის დაქვემდებარებაშია, მაგრამ თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელია ისე, რომ ფაქტობრივად, იუსტიციის მინისტრი არც და ვერც ერევა დეპარტამენტების საქმიანობაში“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
მისი განმარტებით, პენიტენციური დეპარტამენტი ერთ-ერთი მსხვილი დეპარტამენტია სასჯელაღსრულების და პრობაციის უწყებაში, სადაც გაერთიანებულია დაახლოებით ხუთი სამინისტროს ფუნქცია.
„ჯანდაცვის დეპარტამენტში დაახლოებით 800-ზე მეტი ექიმი და 1000-ზე მეტი მედდა მუშაობს. სისტემაში ორი ავტონომიური საავადმყოფო არსებობს, რაც ჯანდაცვის კომპონენტია. ამავდროულად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ჯარისკაცებს იწვევს, დაახლოებით 2000 ადამიანამდე. ეს არის თავდაცვის კომპონენტი და ყაზარმული ცხოვრებაა. ასევე, არის პრობაციის ეროვნული სააგენტო, რომელიც ზოგ ქვეყანაში, სასამართლოს ქვეშაა და დამოუკიდებელი ორგანიზაციაა, ზოგ შემთხვევაში კი, არასამთავრობოს ტიპის ორგანიზაცია“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
ამასთან, მისი განმარტებით, არსებობს საბადრაგო სამსახურიც, რომელიც პატიმრების გადაყვანას უზრუნველყოფს. ზოგიერთ ქვეყანაში ამ ფუნქციას საპატრულო პოლიცია ასრულებს და ასეთი სამსახური პენიტენციურ სისტემას საერთოდ არ აქვს.
„შერწყმის მოდელი კარგად გააზრებული უნდა იყოს იმისთვის, რომ სისტემამ მდგრადობა, სისწრაფე და ეფექტიანობა არ დაკარგოს“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, სამინისტროების გაერთიანების საკითხზე კონსულტაციები არ ყოფილა.
„ჯერ საუბარია იმაზე, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ნდობა მოიპოვოს, რათა ყველა ის რეფორმა განახორციელოს, რითაც საზოგადოების წინაშე წარსდგა. თუ იუსტიციის სამინისტროს შეურთდება, ამ შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ იმ თვალსაზრისით, რომ სისტემამ ეფექტურობა არ დაკარგოს. მომხრე არ ვარ, რომ ერთი ნაწილი ერთ უწყებაში გავიდეს, მეორე სხვა უწყებაში, რადგან სისწრაფე დაიკარგება. თუ პატიმარს სამედიცინო სერვისი დასჭირდება, კომუნიკაცია რთული იქნება. ისეთი მოდელი უნდა შემუშავდეს, რომ სისტემაში პრობლემები არ შეიქმნას“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.
როგორც მან განმარტა, 2012 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემაში სერიოზული რეფორმები ტარდება. ევროკომისრის სპეციალური წარმომადგენელის შეფასებით, აღნიშნული რეფორმები იმდენად ეფექტიანი იყო, რომ სისტემა მზად არის ექსპორტისთვის.
„ისიც კი შემოგვთავაზეს, გაერო-ს ასამბლეაზე გავიტანოთ. სისტემას არავინ ანგრევს, შესაძლებელია, ამ სისტემის კიდევ უფრო დახვეწა. ტექნიკურ გაყოფაზე, შეერთებასა და გაყოფაზე არავინ საუბრობს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმაც ამიტომ თქვა, რომ საჭიროა ფიქრი. მსჯელობა იქნება“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შექმნის მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ 2008 წელს პროკურატურა აღმასრულებელ ხელისუფლებაში შევიდა, შესაბამისად, ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვა და სასჯელაღსრულების სამინისტრო ამის საფუძველზე შეიქმნა.
„არ შეიძლებოდა, რომ დევნაც და სასჯელის აღსრულებაც ერთი უწყების ქვეშ ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდა. დღეს, როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პროკურატურა დამოუკიდებელი იქნება და არა იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ, ამ სისტემის იუსტიციის სამინისტროში დაბრუნება სავსებით ლოგიკურია, მაგრამ კარგად უნდა იყოს გაანალიზებული. კერძოდ, იქნება თუ არა გაერთიანებული ბიუჯეტი – იუსტიციას ექნება ავტონომიური ბიუჯეტი ცალკე და ცალკე პენიტენციურ დეპარტამენტს, ასევე ვინ დანიშნავს ოპერატიულ თანამშრომელს და რიგით შემადგენლობას – პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი დანიშნავს თუ იუსტიციის მინისტრი და ა.შ. მე სად ვიქნები, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.